იორდანიამ სირიის საზღვარზე ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. სირიის სამხრეთ ნაწილში განახლებული სამხედრო ოპერაციის შედეგად დაზარალებული პირებისთვის მეზობელი ქვეყნის ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა სასმელი წყალი, საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მოაგროვეს.
„ეს ადგილობრივი ინიციატივაა, რომელსაც ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაწარმოებთ. ჩვენი მიზანი იორდანიელი სამხედრო მოსამსახურეების თანხლებით სირიის საზღვარზე ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა და მათთვის დამატებითი დახმარების გაწევაა. ყველაზე მთავარია, დავრწმუნდეთ, რომ სირიელი ხალხი დახმარებას მართლა მიიღებს“, – განაცხადა იორდანიის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, აიმან მიფლეჰმა.
ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ერთად, სირიელ ლტოლვილებს დახმარებას საზღვართან ახლოს არსებული სამედიცინო ცენტრებიც უწევენ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში იორდანიის საავადმყოფოებმა საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებული 2 000-მდე სირიელი მიიღეს.
სირიის სამოქალაქო ომის განმავლობაში იორდანიამ მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი მიიღო. ბოლო კვირებში ასადის არმიის მიერ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში წარმოებული ოპერაციის შედეგად, მშობლიური სახლების დატოვება ადგილობრივებს კვლავ მოუხდათ. ამჯერად იორდანიას ლტოლვილებისთვის საზღვრის დაკეტვა მოუხდა. ახლა სირიელი ლტოლვილები საზღვართან იმყოფებიან.