იოჰანეს ჰანი - საქართველოს შესახებ ანგარიში აჩვენებს პროგრესს, რომელიც აქვს ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულების პროცესში
ჩვენ გავაგრძელებთ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე დაკვირვებას, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაატაროს რეფორმები. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, საქართველოს შესახებ ანგარიში აჩვენებს იმ პროგრესს, რომელიც აქვს ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულების პროცესში.
„ანგარიშში საუბარია პოზიტიურ კავშირებზე, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს. ჩვენი ურთიერთობები მჭიდროა. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მჭიდრო ურთიერთობებზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 21 ნოემბერს ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება ევროკომისიის წევრებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ეს უნიკალურ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განვიხილოთ, გვქონდეს წინსვლა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებენ. კომისიის მხრიდან შეხვედრას უხელმძღვანელებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი.
ამავდროულად, რეფორმების ძალისხმევა უნდა გაიზარდოს ისეთ სფეროებში, როგორებიც არის სამართალდამცავი სტრუქტურები და მართლმსაჯულება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რათა საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქცია გაუმჯობესდეს. საჭიროა შემდგომი რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში. გამოწვევად რჩება ადამიანის უფლებების დაცვა და ანტიდისკრიმინაციული ზომების გატარება. ჩვენ ასევე განვაგრძობთ საქართველოს განდგომილი რეგიონების არაღიარების პოლიტიკას. ჩვენი მიდგომაა, ამ ტერიტორიების ჩართვა სექტორულ პროგრამებში“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 13 ნოემბერს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია.