იოჰანეს ჰანი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, ნებისმიერი ჩართულობა ამისკენ უნდა იყოს მიმართული
იოჰანეს ჰანი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, ნებისმიერი ჩართულობა ამისკენ უნდა იყოს მიმართული

სამხრეთ კავკასია ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არსებობდეს მთელ რეგიონში, სამივე ქვეყანაში, – ამის შესახებ ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარმა, ოჰანეს ჰანმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამართული დებატებისას განაცხადა.

იოჰანეს ჰანის თქმით, შუა დერეფანს ევროპისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ საუბარი გვაქვს ხშირად დერეფანზე და არა გვირაბზე, ცნებებს, სახელდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, შუა დერეფანს აქვს დიდი მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარებისთვის ზოგადად მთელ რეგიონში. თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა სხვა ასპექტი, რაც ამ ტრანზტს მოჰყვება.  ევროკავშირისთვის ეს არ არის მხოლოდ გარანტირებული მიწოდების ჯაჭვი, ეს არის ბევრი სხვა ასპექტი და საკითხი. ჩვენ ვხედავთ ამაში მშვიდობასაც და სტაბილურობასაც ჩვენს სამეზობლოში. რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, სადაც სამი ქვეყანაა, ამ პანელზე ორი არის წარმოდგენილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არსებობდეს მთელ რეგიონში, სამივე ქვეყანაში. ნებისმიერი ჩართულობა, ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს მიზანმიმართული მეტი სტაბილურობისკენ და ეს ინიციატივა სწორედ ასეთია. მეტი მონაწილეები, მეტი მოსარგებლეები, ჩინეთიდან დაწყებული ევროპით დამთავრებული იქნებიან ამ პროექტის ფარგლებში. ეს პროექტი წვლილს შეიტანს სტაბილურობაში და, ჩვენი გადმოსახედიდან, მრავალეროვნულობაში. სტრატეგიული პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და დერეფანია. დებატები დეფერანთან დაკავშირებით არა მარტო მიწოდების ჯაჭვზეა, არამედ საკითხების უფრო ფართო სპექტრია“, – განაცხადა ჰანმა.

იოჰანეს ჰანის განცხადებით, ევროპისთვის აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვანია.

„ეს პარტნიორობა არის ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი  ინსტრუმენტების, რომელიც შეიძლება, იქნას გამოყენებული. ჩვენ გვყავს ჩვენი საინვესტიციო ბანკები, გარანტირებული სქემები არსებობს, განსხვავებული საკონტრაქტო ურთიერთობები გვაქვს სხვადასხვა ქვეყანასთან, რადგან, საბოლოოდ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გადასაწყვეტია, მათი პრეროგატივაა, რა პირობებს შეარჩევენ. მაგალითად, საქართველოსთან გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, აზერბაიჯანთან არ გვაქვს ასეთი ინტენსიური თანამშრომლობა, მაგრამ ამას პატივს ვცემთ. რაც შეეხება საბაჟო ადმინისტრირებას, ამაზე შეიძლება, მომავალში ვისაუბროთ. ეს რეგიონი სამომავლო პერსპექტივაში შეიძლება იყოს ევროპისთვის ძალიან საინტერესო, ასეთი მიმართულებით თუ წარიმართება და განვითარდება საქმე და მოვლენები, არა მარტო ომის გამო, ომამდეც, ზუსტად იმ მიზეზების გამო, რაც ვახსენე, ეს რეგიონი იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან დიდი ვალდებულება გვაქვს რეგიონისადმი აღებული, ერთგულნი ვართ ამის კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ადრე“, – განაცხადა ჰანმა.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქული კომპანია „ლიმაკ ჰოლდინგის“ თავმჯდომარე ებრუ ოზდემირი და ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარი ოჰანეს ჰანი მონაწილეობდნენ.