ირაკლი ღარიბაშვილი - მას შემდეგ, რაც მთავრობაში მოვედით, დიდი ძალისხმევა გავწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის და ამის კულმინაცია იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება
ირაკლი ღარიბაშვილი - მას შემდეგ, რაც მთავრობაში მოვედით, დიდი ძალისხმევა გავწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის და ამის კულმინაცია იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება

მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ევროპელ ლიდერს, როლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიულ გადაწყვეტილებას, მიენიჭებინათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „ევრაზიის ახალი განთიადი?“ გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ახლა სწრაფად ვითარდება.

„ბოლო სამ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად გაიზარდა. ახლა ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა ვართ. ორი წლის წინ საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10,5 პროცენტით, 2022 წელს ასევე – 10,4 პროცენტით, გასულ წელს – 7 პროცენტით, ასევე ინფლაცია არის დაბალი. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ის ერთ პროცენტზე დაბალი იყო. ამ წელს ჩვენ ველოდებით, რომ გვექნება ხუთ პროცენტზე მეტი ეკონომიკური ზრდა. ეს ძალიან კარგი, სტაბილური სიტუაციაა, პოლიტიკურადაც საქართველო სტაბილური ქვეყანაა. ძალიან მოკლედ, მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოს ეკონომიკა 2012 წლიდან, რაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, აშშ დოლარში გაორმაგდა. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დოლარში გაორმაგდა. 2020 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ დოლარში 4 250 დოლარი იყო, წელს კი უკვე 8 600 დოლარი იქნება. ასევე იზრდება ჩვენი ვაჭრობა, ვაფართოებთ სავაჭრო კონტაქტებს და ურთიერთობებს. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც რეკორდულად მაღალი იყო გასულ წელს. განსაკუთრებით, დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, როცა ცნობილი გახდა, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ ველოდებით უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას. ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ვუჩიჩმა ახსენა კავშირები, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობა და ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ განვავითაროთ შუა დერეფანი, რომელიც ძალიან საინტერესო, მიმზიდველი, ალტერნატიული მარშრუტი ხდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ორი წლის წინ ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, როგორ განვავითაროთ ეს კორიდორი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რაც გულისხმობს პორტების გაფართოებას, მათი შესაძლებლობების გაფართოებას, აეროპეორტები, რკინიგზა, გზების ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. წელს გვინდა, დავიწყოთ ახალი პორტის მშენებლობა. ეს არის ახალი ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, ასევე ვითარდება სარკინიგზო შესაძლებლობები. ჩვენ ასევე გვსურს, დავიწყოთ ახალი აეროპორტის მშენებლობა. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორებიცაა გზები, გზატკეცილები – ყველაფერი წელს დასრულდება. ასევე მინდა, აღვნიშნო ჩინეთის ინტერესის მნიშვნელობა ამ ალტერნატიულ მარშრუტებში. გასულ წელს მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში, შევხვდი პრეზიდენტ სი ძინპინს, შევთანხმდით, რომ გავაღრმავებთ პარტნიორობას სტრატეგიულ დონემდე. ამ დერეფნის მიმართ ჩინეთის ინტერესი რამდენიმე თვის წინ გაცხადებული იქნა პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ და ვფიქრობ, ეს მეტ მნიშვნელობას, ენერგიას მისცემს ამ კორიდორის განვითარებას.

მინდა, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა ვუთხრა ყველა ევროპელ ლიდერს, როლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიულ გადაწყვეტილებას, მიენიჭებინათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. ეს ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევაა, რადგან მას შემდეგ, რაც მთავრობაში მოვედით,  ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ამის კულმინაცია იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.