იოჰანეს ჰანი - ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული ეკონომიკაზე, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ხალხის ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს
ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული ეკონომიკაზე, ეს არის მთავარი, რათა ხალხის ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ დავიწყეთ გეგმების იმპლემენტაცია. ჩვენ დახმარების დაახლოებით 50 პროცენტს ვხარჯავთ მცირე მეწარმეებზე. ეს არის, რასაც ისინი ითხოვდნენ. ჩვენ გავაორმაგეთ ძალისხმევა მობილურობის კუთხით, ასევე ერასმუსის პროგრამა გავაფართოვეთ. ასევე, გავხსენით პირველი ევროპული სკოლა თბილისში“, – აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.
მისივე თქმით, ევროპული სკოლების გახსნის თხოვნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისგანაც მიიღეს.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმაც.
მისი თქმით, ლუქსემბურგში გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო „აღმოსავლთ პარტნიორობისთვის“ და ორმხრივი ურთიერთობებისთვის.
„ჩვენ ვემზადებით ამ პროგრამის ათი წლის იუბილეს აღსანიშნავად 2019 წელს. ჩვენ შევაფასებთ 2020 წლისთვის დასახული 20 ამოცანის შესრულებას“, – აღნიშნა მოგერინიმ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მორიგი სამიტი სავარაუდოდ 2020 წელს გაიმართება. თუმცა, ამ თარიღამდე “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ასევე, ნოემბერში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ახალი უმაღლესი ფორმატის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკავშირის პრეზიდენტი მიიღებენ. სწორედ ამ შეხვედრების მოსამზადებლად გაიმართა ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობისა“ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მინისტერიალში მონაწილეობის შემდეგ, ბრიუსელში გაემგზავრება და პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წარმომადგენლებთან.