იოავ გალანტი - შემიძლია, გითხრათ, ომის დასრულების შემდეგ ვინ არ მართავს ღაზას, ეს არ იქნება „ჰამასი“ და არ იქნება ისრაელი, დანარჩენი ყველაფერი შესაძლებელია
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელს არ აქვს სურვილი, მართოს ანკლავი ომის დასრულების შემდეგ.
„მე შემიძლია, გითხრათ, ომის დასრულების შემდეგ ვინ არ მართავს ღაზას. ეს არ იქნება „ჰამასი“ და არ იქნება ისრაელი. დანარჩენი ყველაფერი შესაძლებელია“, – აღნიშნა გალანტმა პრესკონფერენციაზე.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალები მანევრირებას ახორციელებენ ჯავშანტექნიკითა და ტანკებით, მათი სამიზნე კი, „ჰამასის“ ინფრასტრუქტურა, მეთაურები და საკომუნიკაციო ოთახებია.
„ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის გულში არიან. ისინი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შევიდნენ. შეიჭრნენ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის სრული კოორდინაციით“, – განაცხადა გალანტმა.
იოავ გალანტმა მოუწოდა პალესტინელ სამოქალაქო პირებს, საკუთარი უსაფრთხოებისთვის ღაზის სამხრეთით გადაადგილდნენ.
ამასთან, როგორც მედია წერს, გალანტმა ღაზას „ადამიანის მიერ აშენებული ყველაზე დიდი ტერორისტული ბაზა“ უწოდა და დასძინა, რომ ღაზაში სკოლებისა და საავადმყოფოების ქვეშ გადიოდა გვირაბები, სადაც განთავსებული იყო იარაღის საწყობები, საკომუნიკაციო ოთახები და სამალავები მებრძოლებისთვის.