იოავ გალანტი - ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისის რაიონიდან ექვსი მძევლის ცხედარი დაიბრუნეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისის რაიონიდან ექვსი მძევლის ცხედარი დაიბრუნეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამხედროებმა ექვსი ისრაელელის ცხედარი ხან იუნისში მდებარე გვირაბებში კომპლექსური ოპერაციის შედეგად აღმოაჩინეს.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ომის მიზნების მისაღწევად – ისრაელში მძევლების დასაბრუნებლად და „ჰამასის“ გასანადგურებლად“, – ნათქვამია გალანტის განცხადებაში.
როგორც „როიტერი“ წერს, ღაზაში, „ჰამასის“ ტყვეობაში ამ დრომდე რჩება 109 მძევალი, რომელთაგან დაახლოებით მესამედი, სავარაუდოდ, გარდაცვლილია, ხოლო დანარჩენების ბედი უცნობია.
„მძევალთა ოჯახების გაერთიანება“ მიესალმება ექვსი ცხედრის დაბრუნებას და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მისაღწევად.
„დარჩენილი 109 მძევლის დაუყოვნებლივ დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ისრაელის მთავრობამ მედიატორების დახმარებით ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც შეუძლია, ამჟამად მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოდგენილი შეთანხმების გასაფორმებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, მთავრობა გაგრძელებს მუშაობას ღაზაში დარჩენილი მძევლების დასაბრუნებლად.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ისრაელის დასახლებებზე განხორციელებული თავდასხმისას დაჯგუფება „ჰამასმა“ 1200-მდე ადამიანი მოკლა და 250-მდე პირი მძევლად აიყვანა.