იოავ გალანტი - ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო და საჰაერო ოპერაციები არყევს ღაზის სექტორს
ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო და საჰაერო ოპერაციები არყევს ღაზის სექტორს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გალანტმა ღაზის სექტორში დამატებითი სამხედრო ოპერაციის გეგმები დაამტკიცა.
„გასული დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციები იყო ძალიან შთამბეჭდავი. საჰაერო ძალებსა და სახმელეთო ძალებს შორის შერწყმა ღაზის სექტორს არყევს“, – განაცხადა გალანტმა.
გალანტის თქმით, ისრაელმა საჰაერო თავდასხმების დროს „ჰამასის“ მეთაურები მოკლა და აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ლიდერი, იაჰია სინვარი თავშესაფარში იმალება.
„„ჰამასის“ ლიდერი იმალება თავის ბუნკერში და ნებას აძლევს მეთაურებს, მოკვდნენ. ჩვენთან კი მეთაურები ჩვენთან ერთად მოდიან ფრონტზე, ხელმძღვანელობენ და აღწევენ წარმატებას“, – აღნიშნა გალანტმა.