იოავ გალანტი - ისრაელის სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ მას აქვს მოქმედების თავისუფლება, გააკეთოს ის, რაც სურს
ისრაელის სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ მას აქვს მოქმედების თავისუფლება, გააკეთოს ის, რაც სურს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა ქვეყნის თავდაცვის ძალების მფრინავებთან შეხვედრისას, რომლებიც ირანიდან ნასროლი რაკეტებისა და უპილოტო აპარატების განეიტრალებაში მონაწილეობდნენ.
„ჩვენი მისიები არ შემცირდება, ისინი მხოლოდ გაიზრდება. ის რეალობა, რომ ჩვენ თავს დაგვესხნენ შვიდი სხვადასხვა მიმართულებიდან, რთულია და გამოწვევას შეგვიქმნის. ისრაელის სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ მას აქვს მოქმედების თავისუფლება, გააკეთოს ის, რაც სურს, იმის წყალობით, რომ საჰაერო ძალები ქმნიან თავდაცვას. ძალიან შთამბეჭდავია ის, რაც თქვენ გააკეთეთ გასულ შაბათს“, – განაცხადა იოავ გალანტმა.
შეგახსენებთ, 13 აპრილის ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა. მათი ძირითადი ნაწილი ისრაელმა აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იორდანიის დახმარებით ჩამოაგდო. თეირანის განცხადებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე დარტყმაზე, რასაც ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.