იოავ გალანტი აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას ომთან დაკავშირებულ საკითხებზე კრიტიკულად მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს
იოავ გალანტი აცხადებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას ომთან დაკავშირებულ საკითხებზე კრიტიკულად მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც, მისი თქმით, ომის მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ გალანტმა გამგზავრებამდე გაკეთებული კომენტარისას განაცხადა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ვიზიტის მთავარი მიზანია აშშ-ის მხრიდან ბომბების შეჩერებული მიწოდების განბლოკვა.

„შეხვედრები სამთავრობო მაღალჩინოსნებთან კრიტიკულია ომის მომავლისთვის. ამ შეხვედრების დროს ვაპირებ, განვიხილო ღაზასა და ლიბანში მიმდინარე მოვლენები. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ქმედებისთვის, რომელიც შესაძლოა, საჭირო გახდეს ღაზაში, ლიბანში ან სხვა ზონაში“, – განაცხადა გალანტმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ის აშშ-ში ვიზიტისას ღაზის სექტორში ოპერაციის მესამე ფაზაზე გადასვლას განიხილავს.

იოავ გალანტს აშშ-ში დაგეგმილი აქვს შეხვედრები სახელმწიფოთან, მდივან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან. ასევე იგეგმება მისი შეხვედრა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორთან, უილიამ ბერნსთან.

იოავ გალანტის ვიზიტი ხორციელდება მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაავრცელა ვიდეოგანცხადება, რომელშიც აშშ ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეყოვნების გამო გააკრიტიკა. თავად ნეთანიაჰუ აშშ-ში ვიზიტს ივლისის მეორე ნახევარში გეგმავს. 24 ივლისს ის კონგრესის გაერთიანებულ სესიაზე სიტყვით გამოვა.