აკაკი ბობოხიძე - არ მინდა, არჩევნების ბედ-იღბალი დამოკიდებული იყოს იმაზე, სააკაშვილი საქართველოშია თუ არა, დავუშვათ, გაირკვა, რომ არ არის საქართველოში, ამით რა, ვნებდებით და ვმარცხდებით?
„ევროპული საქართველოს“ წევრ აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ქვეყნის ბედ-იღბალი არის მოქალაქეების ხელში და არჩევნები ვინმეს ჩამოსვლა-არ ჩამოსვლაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
ბობოხიძის თქმით, ხვალინდელი არჩევნების შედეგი დამოკიდებულია თითოეულ მოქალაქეზე და ნებისმიერ შემთხვევაში, ყველამ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა გააკეთოს არჩევანი.
„კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფო არ გვაქვს. რაც ყველაზე მთავარია, ჩემი პოზიცია არის უცვლელი. მე ბოლო რამდენიმე დღეა, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ისმოდა დადასტურებულად და დარწმუნებით, რომ ის ჩამოვიდოდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებდი და ახლაც მინდა, მოვუწოდო – ჩვენი ქვეყნის ბედ-იღბალი არის ჩვენს ხელში. ისევე, როგორც გუშინ, გუშინწინ ვამბობდი, არ მინდა, არავის როლის დასაკნინებლად ვთქვა, უბრალოდ, დამოკიდებულება, რომ ვინმეს ჩამოსვლა ან არჩამოსვლაზე იქნება დამოკიდებული არჩევნები, ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გადავაკისროთ სხვას. თუ ის საქართველოშია, ან არ არის საქართველოში, არ მინდა, ამაზე იყოს დამოკიდებული ხვალინდელი არჩევნების ბედ-იღბალი. ვთქვათ, თეორიულად დავუშვათ, გაირკვა, რომ არ არის საქართველოში, ამით რა, ვნებდებით და ვმარცხდებით? ამიტომ, მინდა, თითოეულმა ქართველმა გააცნობიეროს, ხვალინდელი დღის შედეგი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენ ხვალ უნდა მივიდეთ და ყველამ იმ პასუხისმგებლობით, რაც გვაკისრია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მივცეთ ხმა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა მორიგი ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.