ინტერნეტში ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T-ის მილიონობით ამჟამინდელი და ყოფილი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გავრცელდა
ინტერნეტში ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T-ის მილიონობით ამჟამინდელი და ყოფილი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გავრცელდა

ინტერნეტში ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანიის, AT&T-ის მილიონობით ამჟამინდელი და ყოფილი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გავრცელდა. კომპანიის ცნობით, დარქნეტში გამოქვეყნდა 73 მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის მისამართები, სოციალური დაცვის ნომრები და პაროლები. ამასთან, კომპანიაში ამბობენ, რომ ფინანსური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

AT&T-ის წარმომადგენელთა თქმით, კომპანიას არ აქვს მტკიცებულებები, რომ მონაცემები მოიპარეს, თუმცა გამოძიებაში ჩართული არიან კიბერუსაფრთხოების ექსპერტები. კომპანიის ცნობით, მან მომხმარებელთა პაროლები განაახლა. სატელეკომინიკაციო ჰოლდინგი მოუწოდებს მომხმარებლებს, ყურადღებით დააკვირდნენ ანგარიშების აქტიურობას.

სავარაუდოდ, გამოქვეყნებული პერსონალური მონაცემები 2019 წლისაა და ეკუთვნის კომპანიის 7,6 მილიონ მომხმარებელსა და ანგარიშების 65,4 მილიონ ყოფილ მფლობელს.

AT&T-ის ქსელი აშშ-ში 290 მილიონამდე ადამიანს ფარავს და ქვეყანაში მობილური და ინტერნეტმომსახურების ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერია.