ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მიზნით, კომპანიებმა აბონენტებთან ახალი ხელშეკრულებები ოთხ თვეში უნდა გააფორმონ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტმომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების შესახებ დადგენილება მიიღო.
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ხარისხის კონტროლის დაწყების შემდეგ, აბონენტებს ექნებათ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც რეგულარულად გაზომავენ ინტერნეტის სიჩქარეს.
ამასთან, მათ საშუალება მიეცემათ, შეამოწმონ, რამდენად აკმაყოფილებს პროვაიდერ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე რეალურ სიჩქარეს. კომისიის ცნობით, ამის საშუალებას ის აპლიკაცია იძლევა, რომელიც კომისიის ვებგვერდზე ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
„კომისიის მიერ მიღებული დადგენილება, რომლის შემუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული, ძალაში 15 აგვისტოდან შევა. მანამდე კი ყველა ინტერნეტ პროვაიდერს ოთხთვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებები დადგენილებასთან შესაბამისობაში მოიყვანონ.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლს და 24-საათიან რეჟიმში შეამოწმებს, რამდენად იცავენ კომპანიები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და რამდენად ხარისხიან ინტერნეტს აწვდიან აბონენტებს“, – აღნიშნულია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.
კომისიის ცნობით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმის შექმნაზე მუშაობა უკვე 10 თვეა მიმდინარეობს.
„კომისიის მიზანია მომხმარებლებს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდეთ ინტერნეტის ხარისხი და იმ თანხის ადეკვატური მომსახურეობა მიიღონ, რასაც პაკეტებში იხდიან“, – აღნიშნულია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.
გარდა ამისა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სისტემის ამუშავების შემდეგ, კომისია მომხმარებლის მომართვის გარეშე, თავად დააკვირდება პროცესს და სადაც დარღვევას აღმოაჩენს, ოპერატორის მიმართ კანონით განსაზღვრულ სანქციებს გამოიყენებს. მათ შორის, გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები.