Internet Explorer-ის ეპოქა დასრულებულია — დღეიდან, Microsoft-ი ისტორიული ბრაუზერის მხარდაჭერას წყვეტს
Internet Explorer-ის ეპოქა დასრულებულია — დღეიდან, Microsoft-ი ისტორიული ბრაუზერის მხარდაჭერას წყვეტს

27-ე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე, Internet Explorer-ი გვემშვიდობება.

15 ივნისიდან Microsoft-ი მხარდაჭერას უწყვეტს ერთ დროს დომინანტ ბრაუზერს, რომელიც ბევრ ინტერნეტმომხმარებელს უყვარდა, ბევრსაც სძულდა, ზოგიც დღემდე აღმერთებს. ერთ-ერთი ყველაზე მხცოვანი აპლიკაცია დღეიდან BlackBerry-ს სმარტფონების, dial-up მოდემებისა და სანაგვეზე მოსროლილი სხვა მრავალი ტექნოლოგიის რიგებს შეუერთდება.

Internet Explorer-ის დასასრული სულაც არ ყოფილა გასაკვირი. Microsoft-მა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ მის მხარდაჭერას 2022 წლის 15 ივნისს დაასრულებდა და მომხმარებლებს მეორე საკუთარ ბრაუზერ Edge-ზე გადაიყვანდა, რომელიც 2015 წელს გაუშვა.

კომპანიამ განმარტა, რატომ არის ეს ცვლილება დროული.

„Microsoft Edge არა მხოლოდ უფრო სწრაფი, უსაფრთხო და თანამედროვე ბრაუზერია, ვიდრე Internet Explorer-ი, არამედ ასევე შეუძლია გადაჭრას მთავარი პრობლემა: თავსებადობა ძველ, მემკვიდრეობით ვებსაიტებთან და აპლიკაციებთან“, — წერდა 2021 წლის მაისში Microsoft Edge Enterprise-ის გენერალური მენეჯერი სინ ლინდერსეი.

Internet Explorer-ის პირველი ვერსია Microsoft-მა 1995 წელს გამოუშვა, ინტერნეტის ეპოქის გარიჟრაჟზე, რომელშიც პირველი ფართოდ პოპულარული ბრაუზერი, Netscape Navigator-ი დომინირებდა. ასე დაიწყო Navigator-ის ეპოქის დასასრული: Microsoft-მა საკუთარი გაბატონებული ოპერაციული სისტემა Windows-ი და Internet Explorer-ი ისე მჭიდროდ მიაბა ერთმანეთს, რომ მრავალმა ადამიანმა საწყის ბრაუზერად სწორედ მისი გამოყენება დაიწყო Navigator-ის ნაცვლად.

1997 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა Microsoft-ს უჩივლა იმის გამო, რომ კომპანია კომპიუტერების მწარმოებლებს Windows-ის გამოყენების უფლების მისაღებად პირობად უყენებდა Internet Explorer-ის გამოყენებასაც. ანტიმონოპოლიური ბრძოლა 2002 წელს დასრულდა Microsoft-ის აღიარებით, რომ ის ასე კონკურენტების დაჩაგვრის მიზნით იქცეოდა. გართულდა სიტუაცია ევროპელ მარეგულირებელ ორგანოებთანაც, რომლებიც ამბობდნენ, რომ Internet Explorer-ის Windows-თან მიბმა მას არასამართლიან უპირატესობას ანიჭებდა ისეთ კონკურენტებთან მიმართებაში, როგორებიც იყო Mozilla-ს Firefox-ი, Opera და Google-ის Chrome.

ამასობაში კი, მომხმარებლები ჩიოდნენ, რომ Internet Explorer-ი ნელი იყო, ხშირად იჭედებოდა და მოწყვლადი იყო ჰაკერებისადმი. მართლაც, მას შემდეგ, რაც მომხმარებლებმა უფრო სასურველი ალტერნატივები აღმოაჩინეს, Internet Explorer-ის საბაზრო წილმა შემცირება დაიწყო; 2000-იანი წლების დასაწყისში მას ბაზარზე 90 პროცენტზე მეტი ეკავა.

დღეისათვის ბრაუზერების ბაზრის ლიდერია Chrome. ინტერნეტანალიტიკის კომპანია Statcounter-ის მონაცემებით, Chrome-ს ბაზარზე 65-პროცენტიანი წილი უჭირავს, შემდეგ მოდის Apple-ის Safari 19%-ით. რაც შეეხება Internet Explorer-ის მემკვიდრეს, Edge-ის, ის ოდნავ უსწრებს Firefox-ს და ბაზარზე 4-პროცენტიანი წილი უკავია.