„ინტერფაქსი“ - რუსი ტურისტების უმეტესობამ საქართველოში ჯავშანი არ გააუქმა
„ინტერფაქსი“ - რუსი ტურისტების უმეტესობამ საქართველოში ჯავშანი არ გააუქმა

რუსი ტურისტების უმეტესობას, რომლებიც წელს ზაფხულში და ასევე შემოდგომაზე საქართველოში დასვენებას გეგმავდნენ, ჯავშანი არ გაუუქმებიათ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტებს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში უთხრეს, ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, საქართველოში გამგზავრებაზე რუსი ტურისტების მინიმალურმა რაოდენობამ თქვა უარი.

„8 ივლისის შემდეგ რუსი ტურისტები საქართველოში ჩასვლას გადასხდომით გეგმავენ“, – განაცხადეს ტუროპერატორების ასოციაციაში.

მათივე ცნობით, რუსმა ტურისტებმა საქართველოში ხუთი ათასზე მეტი ტური იყიდეს, რომელთა ღირებულება 35 ათასი რუბლიდან იწყება.

21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეთა საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს.

25 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა არ აპირებს, აუკრძალოს რუსებს საქართველოში ჩასვლა, ხოლო ტურისტული ნაკადის შეზღუდვისთვის მიღებული ზომები, რუსების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყო გადადგმული.