„ინსაიდერი“ წერს, რომ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის თანამონაწილის ვინაობა დაადგინეს
„ინსაიდერი“ წერს, რომ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის თანამონაწილის ვინაობა დაადგინეს

ინტერნეტგამოცემა „ინსაიდერმა“ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის თანამონაწილის ვინაობა დაადგინა. გამოცემის ცნობით, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბერლინში ჩადენილ დანაშაულში კიდევ ერთი რუსი, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი რომან დემიანჩენკოც მონაწილეობდა.

ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ დემიანჩენკო საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამდე ორი კვირით ადრე ბელარუსიდან პოლონეთში ჩავიდა, საიდანაც გერმანიაში გაემგზავრა.

„ინსაიდერის“ გამომძიებელი რეპორტიორების ცნობით, დემიანჩენკოსა და ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვის პასპორტების სერიები ერთმანეთს ემთხვევა. ასევე, ერთნაირი იყო პასპორტების გაცემის თარიღებიც. კრასიკოვი და დემიანჩენკოც შენგენის ზონის ვიზის მიღების დროს აცხადებდნენ, რომ სანქტ-პეტერბურგის ფირმა „რუსტში“ ინჟინრებად მუშაობდნენ.

„ინსაიდერის“ ჟურნალისტების მტკიცებით, დემიანჩენკო 2011 წლიდან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სპეცდანიშნულების ცენტრ „ვიმპელში“ მუშაობდა. მათივე ცნობით, ის სამი სხვადასხვა პასპორტით მოგზაურობდა. დემიანჩენკო 2015 წელს იმყოფებოდა ჩეხეთში, ხოლო 2016-2017 წლებში სირიაში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებშიც.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორების თქმით, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ხანგოშვილის მკვლელობა ჯგუფ „ვიმპელისა“ და მასთან დაკავშირებული ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელი ვეტერანების გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთს დასდო ბრალი.