„ინსაიდერი“ - სერგეი ლავროვს აღმოაჩნდა უძრავი ქონება, რომლის შეძენასაც ოფიციალური შემოსავლებით 66 წლის განმავლობაში ვერ შეძლებდა
„ინსაიდერი“ - სერგეი ლავროვს აღმოაჩნდა უძრავი ქონება, რომლის შეძენასაც ოფიციალური შემოსავლებით 66 წლის განმავლობაში ვერ შეძლებდა

ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 600 მილიონი რუბლის ღირებულების უძრავი ქონება აქვს, რომელსაც ის დეკლარირებული შემოსავლით ვერ შეიძენდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინსაიდერი“ ავრცელებს. საუბარია ძვირად ღირებულ ბინასა და აგარაკზე.

„ინსაიდერის“ ცნობით, ლავროვის სამსართულიანი აგარაკის ფართი 500 კვადრატული მეტრია და ის მოსკოვთან ახლოს მდებარე ელიტურ დასახლებაშია აშენებული.

ჟურნალისტების ცნობით, აღნიშნული აგარაკის შეძენას ლავროვი და მისი მეუღლე ოფიციალური შემოსავლების გათვალისწინებით 66 წლის განმავლობაში ვერ შეძლებდნენ.

გამომძიებელი რეპორტიორების ინფორმაციით, მოსკოვთან ახლოს მდებარე დასახლებაში ლავროვის მეზობლად ცნობილი ოლიგარქის ისკანდერ მაჰმუდოვის შვილი ცხოვრობს.

რაც შეეხება ლავროვის კუთვნილი ბინას, ამ შეთხვევაში, მისი მეზობლები არიან ბიზნესმენ გენადი ტიმჩენკოს შვილი, „როსტეხის“ ხელმძღვანელი სერგეი ჩემეზოვი და „როსნეფტის“ უფროსის ყოფილი მეუღლე მარინა სეჩინა. ოფიციალური დოკუმენტებით, ეს ბინა სერგეი ლავროვმა საჩუქრად მიიღო ქალიშვილისგან, როდესაც ეკატერინა 25 წლის იყო. ამ პერიოდში, ლავროვის შვილი მაგისტრატურას ამთავრებდა და ბიზნესით არ იყო დაკავებული.

რუსეთის საგარეო უწყებაში „ინსაიდერს“ უთხრეს, რომ ლავროვის კუთვნილი ქონება დეკლარირებულია.