„ინსაიდერი“ - მოლდოვის გენშტაბის ყოფილი უფროსი რუსეთის დაზვერვას საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა
„ინსაიდერი“ - მოლდოვის გენშტაბის ყოფილი უფროსი რუსეთის დაზვერვას საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა

მოლდოვის გენშტაბის ყოფილი უფროსი რუსეთის დაზვერვას საიდუმლო ინფორმაციას რეგულარულად გადასცემდა, – ამის შესახებ „ინსაიდერი“ წერს.

საუბარია იგორ გორგანზე, რომლის ტელეგრამშეტყობინებების მიმოწერა „ინსაიდერმა“ მოიპოვა.

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, გორგანი რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკს, ალექსეი მაკაროვს 2022 წლის აპრილში აქტიურად ეკონტაქტებოდა.

გამოცემა წერს, რომ მაკაროვი ძირითადად დაინტერესებული იყო, თუ რა შეიარაღებას ყიდულობდა კიევი მეზობელი ქვეყნებში, მათ შორის, მოლდოვაში და მონაცემი გორგანისგან მიიღო.

სტატიაში ნათქვამია, რომ მოლდოვის გენშტაბის ყოფილმა უფროსმა რუსეთის სპეცსამსახურებს ასევე მიწოდა ინფორმაცია მოლდოვიდან ოდესის ოლქისკენ მიმავალი საწვავით დატვირთული მატარებლების შესახებ.

ამას გარდა, ის არაერთხელ სწერდა მაკაროვს, რომ მოლდოვაში მზად არიან რუსეთის ჯარების შემოსაყვანად.

ამასთან, „ინსაიდერის“ მიერ მოპოვებულ მიმოწერაში გორგანი ამბობს, რომ მისი მოკავშირეები ახლაც არიან თავდაცვის სამინისტროში და ინფორმაციას აწვდიან.

გორგანი მოლდოვის გენშტაბის უფროსად 2013 წელს დაინიშნა, მაგრამ თავდაცვის სამინისტროსთან კონფლიქტის გამო უწყება მალევე დატოვა. 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი იგორ დოდონის გამარჯვების შემდეგ ის კვლავ დაინიშნა გენშტაბის ხელმძღვანელად. 2021 წელს ის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაითხოვა.