ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საინფორმაციო ტექნოლოგიის სამი ათას ინჟინერს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადაამზადებს
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სამი ათას პროფესიონალს გადაამზადებს. გადამზადებულები კვალიფიკაციის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატებს მიიღებენ, – ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის გამოწვევები განიხილეს. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რა წილი აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიას ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში.
კასრაძის განმარტებით, აღნიშნული ინდუსტრიის წილი მოცემულ მომენტში ძალიან მცირეა, რადგან ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები უცხოურ კომპანიებზე ინტერნეტის მეშვეობით მუშაობენ და მათი რეგისტრაცია ფაქტობრივად შეუძლებელია.
მისი თქმით, საინფორმაციო ტექნოლოგიის ინდუსტრიაში ჩართული სამი ათასი პროფესიონალის გადამზადებაზე სამი მილიონი დოლარია გათვალისწინებული. გადამზადების შემდეგ ისინი საერთაშორისო სერტიფიკატებს მიიღებენ, რაც გლობალურ დონეზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
„ინოვაციების ბიუჯეტი დღეს 15 მილიონ ლარია. მომავალ წელს სულ მცირე, გაორმაგდება, რადგან მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში 23 მილიონი დოლარია გამოყოფილია, რომ პროცესები დაჩქარდეს. სამი მილიონი დაიხარჯება იმაზე, რომ მივიღოთ ქვეყანაში მასშტაბი და ხარისხი. საინფორმაციო ტექნოლოგიის სამი ათასი პროფესიონალი ინჟინერი გადამზადდება. საუბარია არა დამწყებზე, არამედ უკვე მოქმედ პროფესიონალებზე. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ ამერიკულ ტექნოლოგიური გიგანტ „სისკო“-ში დასაქმებულ ინჟინერზე, მათ ექნებათ „სისკო“-ს სერტიფიკატი. შვეიცარიულ კომპანიებთან ერთად, განვახორციელეთ კვლევა და მსოფლიო მასშტაბით საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარზე მოთხოვნის იდენტიფიცირება მოვახდინეთ. ორ წელში უნდა მივიღოთ სამი ათასი ადამიანი, რომელიც ამ ბაზრის მოთხოვნებს უპასუხებს. არითმეტიკულად რომ დავითვალოთ, დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიის პროფესიონალ ინჟინერს საშუალო ხელფასი აქვს თვეში სამი ათასი ლარი. ეს საქართველოს პირობაზე. ვინც უცხოურ კომპანიაზე მუშაობს, ბევრად მეტი. აღნიშნულ ოდენობაზე რომ დავითვალოთ, საინფორმაციო ტექნოლოგიის სამი ათას ინჟინერს წლიურად 90 მილიონი ლარის შემოტანა შეუძლია ქვეყანაში“, – განმარტა ავთანდილ კასრაძემ.