აჭარაში გიდების გადამზადება მიმდინარეობს
აჭარაში გიდების გადამზადება მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში 150-მდე გიდი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გადაამზადა. ამჟამად, 40-მდე დამწყები და მოქმედი გიდი ტრენინგებს მაჭახელას, ქედისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადის.

მათ სასწავლო-პრაქტიკული ტური მაჭახელას კულტურულ-ისტორიულ მარშრუტზე ჩაუტარდათ, სადაც ხეობის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და ტურისტულ სერვისებს გაეცნენ.

ტრენინგის მონაწილეები ეთნოგრაფიას, ექსკურსმცოდნეობას, გიდის ფსიქოლოგიას, პირველად დახმარებას, არქიტექტურას, ქართულ ფოლკლორს, საქართველოს, ბათუმის ისტორიას სწავლობენ, მარშრუტებზე პრაქტიკული ტურებისას კი, იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებზე იღებენ ინფორმაციას.

თეორიულ-პრაქტიკული სატრენინგო პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეების ცოდნას სპეციალური კომისია შეაფასებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდების გადამზადებას აქტიურად 2017 წლიდან ახორციელებს. დღემდე რეგიონში 150-მდე მოქმედი და დამწყები გიდი დაცული ტერიტორიების, ბათუმისა და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდა. ჯამში, დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამა ბოლო წლებში ტურიზმის სექტორში დასაქმებულმა 2700-ზე მეტმა პირმა გაიარა. მათ შორის საოჯახო-სასტუმრო სახლების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა.