ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კომპანიებს დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე სატენდერო პირობები გააცნო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა.
შეხვედრაზე სამშენებლო კომპანიებს სატენდერო პირობები გააცნეს.
ფონდს ამ ეტაპზე ხელშეკრულება უკვე აქვს დადებული ზუგდიდის სამ და წყალტუბოს ექვს კორპუსზე. დარჩენილია ზუგდიდში, წყალტუბოსა და ქუთაისში ორ-ორი კორპუსის მშენებლობა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.
როგორც ჟურნალისტებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ განუცხადა, მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა ახალი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდა.
„დღეს გვაქვს ღია კარის დღე, ვიწვევთ სამშენებლო კომპანიებს, ვაცნობთ პროექტის თავისებურებებს და ასპარეზს ვუთმობთ ჯანსაღ კონკურენციას” ,-განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მისი თქმით, გასულ წელს ქუთაისში დაანონსდა მშენებლობა, დღეს კი, უკვე ცხადდება ტენდერი და ემატება კიდევ ორი კორპუსის მშენებლობა ზუგდიდში.
შენგელიას თქმით, როცა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის დევნილთა სახლების გადმოცემა მოხდა, სამინისტროს მიმდინარე მშენებარე სახლებიც გადმოეცა.
„სამწუხაროდ, ძველმა კონტრაქტორმა, რომელსაც წყალტუბოს სახლები უნდა დაესრულებინა, დაკისრებულ ვალდებულებას თავი ვერ გაართვა, შესაბამისად მოგვიწია მათთან კონტრაქტის გაწყვეტა. დღეს სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს ამ სახლების დასრულების პირობებიც გავაცანით,”- განაცხადა გიორგი შენგელიამ.