ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იანვარ-აგვისტოში წლიური ბიუჯეტის 48 პროცენტი აითვისა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 964 მილიონი ლარი დახარჯა. აქედან საბიუჯეტო სახსრებზე 629.3 მილიონი ლარი მოდის, კრედიტებზე 322.5 მილიონი ლარი, გრანტებზე კი 12.3 მილიონი ლარი. ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლიური ბიუჯეტი ორი მილიარდი ლარია. შესაბამისად, რვა თვეში ათვისებულია თანხის 48.2 პროცენტი. სექტემბერ-დეკემბერში კი ასათვისებელია ბიუჯეტის დარჩენილი ნაწილი – 1.036 მილიარდი ლარი.
ამასთან, სამინისტროს ხარჯების ცხრათვიანი გეგმის (1 276 451 000 ლარი) შესრულების შემთხვევაში, ოქტომბერ-დეკემბერში ასათვისებელი დარჩება 723 მილიონი ლარი.