ინფრასტრუქტურის სამინისტრო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონზე განმარტებას ავრცელებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონზე განმარტებას ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინა იმ კანონების ნუსხა, რომელზეც მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავს მუშაობას. გეგმაში შეტანილია კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კოორდინაციას უწევს თვითმმართველობების მიერ წვევამდელთა გაწვევის პროცესს. კანონის აღსრულებასთან არსებული სირთულეების დასაძლევად, ხარვეზების გამოსასწორებლად სამინისტროში, პერიოდულად, თავს იყრის რეგიონებიდან და შესაბამისი უწყებებიდან შემოსული მოსაზრებები.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ამოცანა გაწვევის პროცესის მოწესრიგებაა. კანონის არსებული რედაქცია დღესაც უშვებს შეზღუდვას საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არ მოიხადეს სამხედრო ვალდებულება. ამავე დროს, კანონი არ ათავისუფლებს ამ შეზღუდვისგან იმ პირებს, ვისაც სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი თავის დროზე ჰქონდა. შესაბამისად, საკანონმდებლო საქმიანობის გეგმის განმარტებაში გაკეთებული ჩანაწერი სწორედ ამ ხარვეზის აღმოფხვრას გულისხმობს და არა დამატებითი შეზღუდვის დაწესებას. მსგავსი ხარვეზების გამოსწორებას ემსახურება გეგმაში ასახული სხვა საკითხებიც.
ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის. ნებისმიერი ცვლილება შემუშავებული და წარდგენილი იქნება მხოლოდ შეგროვებული პრობლემატიკის სრულფასოვანი ანალიზის, ყველა უწყებასთან, თვითმმართველობებთან, პარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ და საკანონმდებლო ცვლილების წარდგენისათვის დადგენილი წესით. იმის გათვალისწინებით, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონი ეხება ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილს და არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ ჯგუფს და პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ საკითხის არასწორი ინტერპრეტაციებისგან და ნუ გამოიყენებენ ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.