ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას ახალი წესით მიიღებს
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას მიიღებს სამინისტროს შენობის მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით.
სამინისტროს ინფორმაციით, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ყუთი შესაბამისი უსაფრთხო წესით გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის სტრუქტურებსა და სამსახურებში განაწილდება.
„ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოგზავნონ სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული შესაბამისი ველის ან საქართველოს ფოსტის (მის: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი №12) საშუალებით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მოქალაქეთა განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციის მიღების მსგავსი წესი გავრცელდება სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებზეც – სპეციალური ყუთის მეშვეობით კორესპონდენციას მიიღებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მუნიციპალური განვითარების ფონდი.