იტალიაში "აფხაზეთის წარმომადგენლობის" დარეგისტრირების შესახებ ინფორმაციას, კახა სიხარულიძე ნონსენსს უწოდებს
იტალიაში "აფხაზეთის წარმომადგენლობის" დარეგისტრირების შესახებ ინფორმაციას, კახა სიხარულიძე ნონსენსს უწოდებს

იტალია განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. დეფაქტო მთავრობის, ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კან ტანიას განცხადება, იტალიაში დიპლომატიური წარმომადგენლობის რეგისტრაციის შესახებ, არის ნონსენსი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, – ამის შესახებ პირველ არხს იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კახა სიხარულიძემ განუცხადა.

ელჩის ინფორმაციით , კან ტანია ნამდვილად იყო ჩასული იტალიაში და გამართა კერძო სახის შეხვედრები. ასევე, გამართა პრესკონფერენცია ქალაქ ბარის მახლობლად, რომელსაც სიხარულიძის განცხადებით, არც ერთი ოფიციალური პირი და იტალიური მედიის წარმომადგენელი არ დაესწრო.

კახა სიხარულიძის განცხადებით, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკამ იტალიაში დიპლომატიური წარმომადგენლობა დაარეგისტრირა, არის სიცრუე და დეზინფორმაცია.


შეგახსენებთ, რომ სააგენტო “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა ინფორმაცია კან ტანიაზე დაყრდნობით, რომ იტალიაში ვიზიტის დროს აფხაზეთმა იტალიაში დიპლომატიური წარმომადგენლობა დაარეგისტრირა.