თეა წულუკიანმა მოადგილეებად კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია წარადგინა
თეა წულუკიანმა მოადგილეებად კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია წარადგინა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლად დანიშნულმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა მოადგილეებად კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია წარუდგინა.

წულუკიანის თქმით, კახა სიხარულიძე იმუშავებს საერთაშორისო საკითხებზე.

„დღეს ჩვენ წარვადგენთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მინისტრის მოადგილეებს. უპირველესად, მინდა, წარმოგიდგინოთ მინისტრის პირველი მოადგილე – ბატონი კახა სიხარულიძე.

ბატონი კახა სიხარულიძე ჩვენ ოთხს შორის ყველაზე პატივსაცემი ასაკის ადამიანია. მას აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება საჯარო სამსახურში მუშაობისა ჩვენ შორის და ასევე, აქვს პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნის ჩვენზე მეტი გამოცდილება, ვინც აქ ვართ.

ბატონი კახა სიხარულიძე გახლავთ კარიერული დიპლომატი. ის დიპლომატიურ სამსახურშია, ემსახურება საქართველოს 1993 წლიდან და საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა დროს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილის, სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას და ის იყო ასევე გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი. კახა სიხარულიძე გახლდათ ასევე ჩვენი ქვეყნის ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაზე. ის გახლავთ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, იტალიის დიპლომატთა ასოციაციის საპატიო წევრი და ავტორი წიგნისა „ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკა“. ბატონი კახა ჩემთან ერთად იმუშავებს საერთაშორისო საკითხებზე, რომლებიც მრავლად არის ამ სამინისტროში და მთლიანად სფეროსა და არა მხოლოდ ჩვენი სამინისტროს სსიპ-ებსა და ორგანიზაციებს, არამედ თითოეულ შემოქმედს ჩვენს ქვეყანაში დაეხმარება, რომ ქართული კულტურა უფრო მეტად გახდეს ხელმისაწვდომი საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

​მინისტრის თქმით, სოსო გიორგაძე უხელმძღვანელებს ახალგაზრდობის საკითხებს და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება.

„კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება ბატონი სოსო გიორგაძე. მას ალბათ ჩემთან ერთად წარდგენა ნაკლებად სჭირდება, ვინაიდან ის, როგორც პროფესიონალი იურისტი, წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ფეხს ვიდგამდით პოლიტიკაში, იყო ჩემი გუნდის წევრი. მათ შორის 2012 წლის ზაფხულში და ის სხვადასხვა დროს იკავებდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობას. გახლდათ იუსტიციის სახლის გენერალური დირექტორი, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, ასევე, ბოლო დროს იყო და პირველ აპრილამდე კვლავ იქნება იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო პირველი აპრილიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა გადაწყვეტილება და პირველი აპრილიდან ის ჩვენთან ერთად უკვე ამ სამინისტროში შეუდგება მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას და უმნიშვნელოვანესია, რომ ის, როგორც ჩვენ შორის ყველაზე ახალგაზრდა, უხელმძღვანელებს სწორედ ახალგაზრდობის საკითხებს და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, იოსებ ბაღათურია იქნება სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს.

„კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება ასევე ბატონი იოსებ ბაღათურია. მაღალკვალიფიციური, გამოცდილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იურისპრუდენციაში. პრაქტიკოსი იურისტი. ის არის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მრჩეველი. ის ასევე გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. იოსებ ბაღათურია მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მას აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სასამართლო სისტემაში პრაქტიკული, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. ის იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს.

მე მინდა, ჩემს მოადგილეებს ვუთხრა მადლობა, რომ დათანხმდნენ ამ რთული სფეროს, რთული სამინისტროს ხელმძღვანელობაში ჩემს დახმარებას და ჩვენი ხელისუფლების სამომავლო გეგმების განხორციელებაში მონაწილეობას. მე მინდა, მათ ვუსურვო წარმატებები“, – განაცხადა წულუკიანმა.