აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, განათლების მინისტრმა ტელეფონით პირადად აცნობა, რომ გამოცდების ჩაბარებას შეძლებდა
კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი აცხადებს, რომ პირადად განათლების მინისტრისგან შეიტყო, რომ გამოცდების ჩაბარებას შეძლებდა.
იგი განათლების სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის. ამასთან, აბიტურიენტი აღნიშნავს, რომ თავს კარგად გრძნობს.
„თავს კარგად ვგრძნობ, უმნიშვნელო სიცხე მაქვს. გუშინ დამირეკა განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. საუბრისას მოგვისწრო განათლების მინისტრმა და ბარემ გაგესაუბრებაო. მან მაცნობა იმის შესახებ, რომ გამოცდების ჩაბარება შემეძლებოდა. ძალიან ბედნიერი და ძალიან მადლიერი ვარ თითოეული მათგანის, ასევე პრემიერ-მინისტრისაც, რომელმაც დღეს გააკეთა განცხადება ჩემზე, ძალიან მიხარია. ახლაც ვმეცადინეობ ხვალინდელი გამოცდისთვის“, – განუცხადა აბიტურიენტმა საქართველოს პირველ არხს.
მისივე თქმით, ქართულის გამოცდის შემდეგ ოჯახის ერთ-ერთ წევრთან მივიდა, რომელსაც მოგვიანებით ვირუსი დაუდასტურდა. „მანამდე მას ვირუსი არ ჰქონია“, – დასძინა მან.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო იმ სივრცეში, სადაც ინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს გადის. გამოცდა ჩატარდება ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ.
უწყებაში განმარტავენ, რომ კოვიდინფიცირებული აბიტურიენტისთვის დარჩენილი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
აღნიშნულ საკითხზე დღეს განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც და აღნიშნა, რომ აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მკურნალობის პირობებში ჩააბარებს დარჩენილ ერთ გამოცდას, რათა შეძლოს სწავლის გაგრძელება, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა.