გიორგი გახარია - აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მკურნალობის პირობებში ჩააბარებს დარჩენილ ერთ გამოცდას, რათა შეძლოს სწავლის გაგრძელება, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა
გიორგი გახარია - აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მკურნალობის პირობებში ჩააბარებს დარჩენილ ერთ გამოცდას, რათა შეძლოს სწავლის გაგრძელება, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა

განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რათა მან არ დაკარგოს ერთი წელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული აბიტურიენტი ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლეა და საბჭოზე გადაწყდა, რომ მკურნალობის პირობებში ჩააბარებს დარჩენილ ერთ გამოცდას.

„მიმდინარეობს გამოცდები. აბიტურიენტები და მათი მშობლები საკმაოდ დაძაბული არიან ამ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო ინფექციისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საკმაოდ კომფორტულ პირობებს უქმნის აბიტურიენტებს.

მოგეხსენებათ, გვქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი აბიტურიენტი გამოცდების ჩაბარების დროს აღმოჩნდა ინფიცირებული და დღეს მკურნალობს. რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, მაგრამ ჩვენ გავერკვიეთ და ეს არის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, რომელსაც დარჩა ერთი გამოცდა და საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ანა ამ დარჩენილ ერთ გამოცდას ჩააბარებს, ოღონდ მკურნალობის პირობებში. ეს არის შეთანხმებული, როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან და განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი და შეეძლოს, გააგრძელოს სწავლა, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და მას დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა.