ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული საქართველოს ორი მოქალაქის ანალიზის პასუხები სავარაუდოდ, სამშაბათს გახდება ცნობილი
ინფექციურ საავადმყოფოში, სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული საქართველოს ორი მოქალაქის ანალიზის პასუხები, სავარაუდოდ სამშაბათს გახდება ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ანალიზები ნიდერლანდებში, ერაზმუსის უნივერსიტეტშია გაგზავნილი.
ექსპერტიზის პასუხებამდე გამყრელიძე საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გუშინ, საღამოს გავრცელებულ ხმოვანი და ვიდეოჩანაწერების შინაარსს სიცრუეს უწოდებს, თავად გამავრცელებელ პირებს კი, უპასუხისმგებლო ადამიანებად მოიხსენიებს.
მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გამჭვირვალედ მუშაობს და არანაირ ინფორმაციას არ მალავს.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო საქართველოს მოსახლეობას, რომ არავითარი პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში არ არის. საქართველოში ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი ადამიანის შემთხვევა. ნუ მიეცემით პანიკას, რადგან ეს პანიკა კიდევ უფრო აუარესებს შემდგომ საზოგადოებრივ აზრს და ქვეყანაში უფრო ართულებს ამ დაავადების პრევენციასა და პროფილაქტიკას. გთხოვთ, მიიღოთ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან. არაფერს ვმალავთ. ჩვენი ცენტრი არის ძალიან გამჭვირვალე. ნებისმიერ კითხვაზე პასუხი არსებობს. გუშინ გვიან ღამე გავრცელდა ხმოვანი გზავნილი, არ ვიცი ვისი. ერთი ვიცი, რომ ეს ადამიანი არის ძალიან უპასუხისმგებლო ადამიანი. მინდა, მივმართო ამ ადამიანს, თუ თესავთ პანიკას მოსახლეობაში. არ გამოვრიცხავ, იქ გარკვეულ მერკანტილურ ინტერესებს. გუშინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ღამე რიგები დადგა პირბადეებთან. არ შეიძლება ხალხის ფაქიზ გრძნობებზე თამაში, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც მოსახლეობაში ისედაც მღელვარებაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ერთ-ერთ პრევენციულ ღონისძიებაზე – საზღვარზე არსებულ კონტროლზეც ისაუბრა.
მისი თქმით, ჩინეთიდან მომავალ პირებს თერმოსკრინინგი უტარდებათ იმის დასადგენად, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსის ნიშნები. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ამ ტიპის ვირუსის შემთხვევა დადგინდება, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანას აქვს შესაბამისი მედიკამენტების რეზერვი.