ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი კახა კალაძესა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მადლობის წერილით მიმართავს
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი კახა კალაძესა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მადლობის წერილით მიმართავს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი დედაქალაქის მერს, კახა კალაძესა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს მადლობის წერილით მიმართავს.

„საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოში, რომ მოწინავე ქვეყანაა ეს ყველასთვის ცნობილია. ჩვენი მედიკოსების პროფესიონალიზმი, შემართება და შეიძლება ითქვას თავგანწირული შრომა პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე იმ შედეგს ვერ გამოიღებდა, რომ არა თქვენი – თბილისის მერიისა და მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის თანადგომა.

როდესაც სამთავრობო გადაწყვეტილებით, საჭირო გახდა კომენდანტის საათის შემოღება, ქალაქის ჩაკეტვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება (რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა პანდემიის გავრცელების შეჩერებაში) საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ჩვენი კლინიკის სრულფასოვანი ფუნქციონირება – უტრანსპორტობის გამო, ჩვენი თანამშრომლები: ექიმები, ექთნები, სანიტრები, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალი სამსახურში ვერ მოვიდოდნენ.

რომ არა თქვენი გულისხმიერება, მყისიერი გადაწყვეტილება იმ შედეგებს ვერ მივაღწევდით რაც დღეს გვაქვს „კოვიდ-19“-თან ბრძოლის დროს.

ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი მედიკოსები სამსახურში თქვენს მიერ გამოყოფილი ავტობუსებით მოდიოდნენ და სამუშაო ცვლის შემდეგ ბრუნდებოდნენ სახლში.

თანამედროვე და მოდერნიზებული ე.წ. მწვანე ავტობუსებით თანამშრომლები თბილისის სხვადასხვა უბნიდან დროულად მოდიოდნენ სამსახურში და სახლებშიც იმავე ტრანსპორტით ბრუნდებოდნენ…

თქვენი თანადგომა ფასდაუდებელია ჩვენთვის. დღეს თუ დღეს შეგვიძლია ვიამაყოთ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის მიღწევებით ეს თქვენი დამსახურებაცაა…

ყოველივე ეს მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით და პასუხისმგებლობით მოხერხდა. მადლობა თანადგომისთვის“, – აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გვერდზე „ფეისბუქში“.