ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს „ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყაზბეგიდან გადაყვანილ ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდა და ამ ეტაპზე კორონავირუსზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანებით ისინი თავის ოჯახთან ერთად გადმოყვანილი იქნენ ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც გვაქვს ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან, იქ ჩატარდა სწრაფი ლაბორატორიული გამოკვლევა, ე.წ. სწრაფი ტესტი და ბავშვებთან დადგინდა „ა“ტიპის გრიპის ვირუსი. ხაზს ვუვსვამ, „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ამიტომ, არანაირ კორონავირუსზე იქ საუბარი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, აღებულია ასევე ნიმუშები ე.წ. მოლეკულური კვლევისთვის, რომელიც მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში და მას სჭირდება რამდენიმე საათი“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, დღეს გამთენიისას პეკინიდან საქართველოს მოქალაქე ჩამოფრინდა, რომელსაც სახლში მისვლის შემდეგ ტემპერატურა დაუფიქსირდა.
„მეორე გახლავთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუშაობს პეკინში. დღეს, გამთენიისას ჩამოფრინდა საქართველოში, მას საზღვარზე არაფერი დაუფიქსირდა და შემდგომ სახლში მისვლისას, დღის მეორე ნახევარში მოუმატა ტემპერატურამ“ ,- აღნიშნა გამყრელიძემ.
გამყრელიძე ამბობს, რომ ამჟამად ის ინფექციურ საავადმყოფოში, ე.წ. ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, სადაც კვლევები უტარდება.
„მას საზღვარზე მიღებული ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩინეთიდან შემოსულ ადამიანს თუ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, სხვადასხვა რესპირატორული მოვლენები, როგორ უნდა მოიქცეს. ის თავისი ნებით მიბრძანდა ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მოთავსდა რა თქმა უნდა ბოქსირებულ განყოფილებაში, ანუ მოხდა მისი იზოლირება და მიმდინარეობს იქ კვლევები. ასევე, ჩვენი ლაბორატორიული სამსახური გახლდათ ინფექციურ საავადმყოფოში, იქაც აღებულია სინჯები და მიმდინარეობს კვლევები ლუგარის ცენტრში“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ასევე, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელიც ჩინეთიდან დღეს საღამოს ტრანზიტული რეისით დაბრუნდა, აეროპორტში ცხელება და რესპირაციული ინფექციის სხვა ნიშნები აღენიშნებოდა.
„ასევე, ჯერ არ გაჟღერებულა და პრევენციულად გეუბნებით, არის მესამე ადამიანი, ქალბატონი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დღეს საღამოსკენ, დღის მეორე ნახევარში დაბრუნდა ჩინეთიდან ტრანზიტული რეისით და იქვე აეროპორტში აღენიშნებოდა ცხელება, რესპირაციული ინფექციის სხვა ნიშნები. ამჟამად ხდება მისი ტრანსპორტირება ინფექციურ საავადმყოფოში. ჩვენი ბრიგადა გასულია აეროპორტში, იქვე იღებენ სინჯს, ჩატარდება მოლეკულური კვლევა უკვე ლუგარის ცენტრში“ ,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მან საზოგადოებას მოუწოდა, პანიკას არ აყვნენ.
„კიდევ ერთხელ მინდა, გთხოვოთ, ნუ მივეცემით პანიკას, აჟიოტაჟს, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.