ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა შესაბამისი კვლევა დასრულდა და კორონავირუსი არ დადგინდა.
„გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს ირანის სამი მოქალაქე, ერთი ოჯახის წევრები. კლინიკაში შემოსვლისას დაფიქსირებული იყო ტემპერატურა. ირანში უარესდება ეპიდსიტუაცია კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გუშინ ღამე პაციენტებს ჩაუტარდათ ტესტი გრიპოზულ ინფექციაზე, პასუხები უარყოფითი იყო. შემდეგ ჩაუტარდათ კლინიკური კვლევები და დილას აუღეს ნაცხები კორონავირუსულ ინფექციაზე, ასევე მოლეკულური კვლევები სხვადასხვა რესპირაციულ ვირუსზე. სწორედ ნახევარი საათის წინ დასრულდა კვლევები – უარყოფითი პასუხი კორონავირუსულ ინფექციაზე. არის დადებითი მსუბუქად ადენოვირუსულ და რენოვირუსულ ინფექციაზე, ანუ რესპირაციულ ვირუსებზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პაციენტების შემდგომი კლინიკური მართვის შესახებ გადაწყვეტილებას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა მიიღებს.
ირანის მოქალაქე სამი პაციენტი, დედა და ორი შვილი თბილისის ინფექციურ საავამდყოფოში გუშინ შეიყვანეს.