ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, პაციენტი ასაკოვანი ქალია და თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
კლინიკა გუშინ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. ამასთან, ინფექციურ საავადმყოფოს უკვე დადასტურებული დიაგნოზით ერთი ახალი პაციენტიც დაემატა.
სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტი ასაკოვანი ქალბატონია, რომელსაც კორონავირუსთან ერთად თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც აქვს და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
„ყველაზე მძიმე პაციენტი არის ახალი შემომატებული პაციენტი. მას აქვს ოთხი რისკის ფაქტორი – არის ასაკოვანი, ქრონიკული დაავადების მქონე, თირკმლის ქრონიკული დაავადებით, შაქრიანი დიაბეტი აქვს და აქვს ჰიპერტონული დაავადებაც. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, ჯერჯერობით კრიტიკული პაციენტი არ არის, ჟანგბადდამოკიდებულია.
მასთან ჩატარებული გაფართოებული კვლევებით, მძიმე პნევმონია გვაქვს. დაავადება ჯერჯერობით პროგრესირებს, ვნახოთ, დინამიკაში როგორი სიტუაცია იქნება. ამასთან, გაუმჯობესდა ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა, ალბათ მალე მას პროგნოზულად განვიხილავთ, როგორც კარგი გამოსავლის პაციენტს, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.