ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტიდან 17-ს მძიმე პნევმონია აქვს
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტიდან 17-ს მძიმე პნევმონია აქვს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი მკურნალობს.

მათგან 17 პირის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

ამასთან, კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად კრიტიკული პაციენტები აღარ ჰყავთ.

„მძიმე პაციენტებად მიიჩნევა კვლავ 17 პირი. მათი მდგომარეობა სტაბილურია, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. კრიტიკული პაციენტებიც უკვე განეკუთვნებიან მძიმე პაციენტებს და მათთან ვირუსის პროგრესირება კი არა, პირიქით – დინამიკაში გაუმჯობესება აღინიშნება. მძიმე პნევმონია აქვს 17 პაციენტს. ხუთი კრიტიკული პაციენტი გვყავდა და პირველად ჩვენს ცენტრში მოხდა არაინვაზიური ვენტილაცია. თითქმის ყველა პაციენტთან იყო გამოყენებული ეს რეჟიმი და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.

გუშინ ჩვენთან მოთავსდა ერთი ახალი პაციენტი, რომლის წყაროც დადგენილი არ არის და ხდება მისი კვლევა. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც ბოლო 24 საათში გამოვლინდნენ, როგორც ვიცი, არსებული წყაროების კონტაქტებია, მხოლოდ ჩვენთან არის მოთავსებული ისეთი, რომელსაც სჭირდება წყაროს დადგენა. დღეს ერთი პაციენტი გვყავს და მის ტესტს დაველოდებით დღის მეორე ნახევარში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება პაციენტს, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 5 მარტიდან არის მოთავსებული, ეზუგბაია ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ტესტირებამ ორგანიზმში ვირუსის დაბალი კონცენტრაცია აჩვენა.

„პაციენტი, რომელიც ჩვენთან 5 მარტიდან არის მოთავსებული, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მასთან ჩატარებული ტესტირებით უკვე მიღებულია ისეთი დაბალი კონცენტრაციით ვირუსი, რომ დარწმუნებული ვარ, ხვალ ან ზეგ მასთან უკვე უარყოფითი პასუხი გვექნება“, – დასძინა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიამ განმარტა, რომ ქვეყნის მასშტაბით ახალ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის სამი მათი კლინიკიდანაა.

„გუშინ ჩატარდა რამდენიმე განმეორებითი ტესტი და აქედან სამთან დადასტურდა უარყოფითი. ეს სამი პაციენტი გაეწერა, დანარჩენებთან ვირუსის კონცენტრაციამ მნიშვნელოვნად დაიწია და იმედი გვაქვს, რომ მათთანაც, ყველასთან გამოჯანმრთელება დადგება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.