ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი შეიყვანეს, რომლებიც მილანში, სიცილიასა და ირანში იმყოფებოდნენ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტი იმყოფება, მათგან სამი ახალი შეყვანილია, რომლებსაც ტესტირება დღეს ჩაუტარდებათ.
„ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ იმყოფება 10 პაციენტი. აქედან შვიდთან ჩატარებულია კორონავირუსზე ტესტი და მხოლოდ ერთთან არის ვირუსი დადასტურებული, დანარჩენ ექვს შემთხვევაში უარყოფითია. ასევე გვყავს სამი ახალი დამატებული პაციენტი, რომელთაც ტესტირება დღეს ჩაუტარდებათ. ინფიცირებული პაციენტი მაღალი სიფრთხილის გამო იქნა მოთავსებული ჩვენს ცენტრში, რადგან ჩამოვიდა ირანის იმ ქალაქიდან, სადაც გამოვლინდა ინფექციის ახალი შემთხვევები და საკმაოდ მაღალი იყო სიკვდილობის მაჩვენებელიც. ამ პაციენტს შემოსვლისას არანაირი კლინიკური ნიშნები არ ქონია, ტემპერატურა იყო ნორმა, ჩივილები არ ჰქონდა, ობიექტური სტატუსიც დამაკმაყოფილებელი იყო, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებითაც არანაირი ცვლილებები არ აღენიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ეს პაციენტი შეფასდა, როგორც შესაძლო შემთხვევა, რადგან მას ჰქონდა ინფიცირებულებთან კონტაქტი, ამიტომ გადმოყვანილი იქნა სასაზღვრო ზონიდან, როგორც შესაძლო შემთხვევა და გაკეთდა კვლევა, დაუდასტურდა ეს ინფექცია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კლინიკური გამოვლინების გარეშე აღენიშნებოდა ვირუსი“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სამი ახალი პაციენტიდან ერთი მილანში, მეორე სიცილიაში, ხოლო მესამე ირანში იმყოფებოდა.
„ასევე დღეს შემოყვანილია სამი ახალი პაციენტი. ერთს კონტაქტი ჰქონდა ქალაქ მილანთან, მეორეს სიცილიასთან და მესამეს ირანთან. ამ პაციენტებს აღენიშნებოდათ დაბალი ტემპერატურა, მსუბუქად გამოხატული რესპირაციული სიმპტომები. ვინაიდან ეპიდემიოლოგიური ისტორია ჰქონდათ, ამიტომ გადავწყვიტეთ, გადმოგვეყვანა ინფექციურ საავადმყოფოში. ჩვენ სიფრთხილის გათვალისწინებით ასეთ პაციენტებს ვაფასებთ, როგორც შესაძლო შემთხვევას, ვათავსებთ კლინიკაში და ვუტარებთ კვლევებს. ამ პაციენტების მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებულია. კლინიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომები არ არის გამოვლენილი, არ დადასტურებულა ასევე არც ა და არც ბე ტიპის ვირუსი. მათ დღეს ჩაუტარდებათ კორონავირუსზე კვლევა და შემდგომში გადაწყდება, როგორ გაგრძელდება მეთვალყურეობა“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, აბასთუმანში საკარანტინო ზონაში გადაყვანილია 12 პაციენტი.
„მათ უბრალოდ ვაკვირდებით, ტესტზე პასუხი უარყოფითია, ვირუსის კლინიკური ნიშნები არ აქვთ, არც ტემპერატურა, თუმცა მაინც გადავიყვანეთ სიფრთხილის გამო. იმ შვიდ პაციენტს, რომელიც ახლა ინფექციურშია, ტესტზე პასუხი უარყოფითი აქვთ, თუმცა რადგან დაავადების ზოგადი ნიშნები ჰქონდათ, ფიქსირდებოდა ტემპერატურა, ამიტომ მივიღეთ კლინიკაში დატოვების გადაწყვეტილება, თანაც ჩვენ ვალდებული ვართ, 24 საათის განმავლობაში შევაფასოთ მათი მდგომარეობა“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.