ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი იმყოფება
ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი იმყოფება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი იმყოფება.

კლინიკა დღეს კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

ამასთან, სამედიცინო დირექტორის, მარია ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ 13 ახალი შემთხვევა მიიღეს.

„57 პაციენტი გვყავდა გუშინ, დღეს დილას გაეწერა ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი და დატოვეს კლინიკა. ამ ეტაპზე გვყავს 55 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ ჩვენთან შემოვიდა 13 ახალი პაციენტი. ორი დღის განმავლობაში ერთად 17 პაციენტი დაგვემატა. აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული.

არის ძალიან მძიმე პნევმონიით და ჟანგბად დამოკიდებულია. სიმძიმეა იმაშიც, რომ არის ხანდაზმული ასაკის, აქვს თან არსებული დაავადება შაქრიანი დიაბეტი და მძიმე ჰიპერტონული დაავადება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში შვიდი პაციენტი ჰყავთ მძიმე პნევმონიით.

„დანარჩენების მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ახალ პაციენტებს, ეზუგბაია ამბობს, რომ ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია.

„თუ არ ვცდები, ყველა არის, ძირითადად. ბოლნისიდან და თეთრიწყაროდან. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან აქედან არიან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

საქართველოში სულ კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა.