ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 28 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მკურნალობას ექვემდებარება
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი მკურნალობს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.
ეზუგბაიას განარტებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია.
„26 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი, შემოვიდა ოთხი ახალი დადასტურებული და დღეს 28 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ოთხიდან ორი არის ჩვენს პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირი, რომლებსაც დაუდასტურდათ და მოთავსდნენ ჩვენთან. ორი პაციენტი გარდაბანს უკავშირდება. გუშინ დაგვემატა ერთი მძიმე პაციენტი და ამჟამად გვყავს ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომაროება მკურნალობას ექვემდებარება და დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.