ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 24 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა ძირითადად საშუალო და საშუალოზე მსუბუქია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს გუშინ კორონავირუსის უკვე დადასტურებული დიაგნოზით ერთი ახალი პაციენტი შეემატა.
საუბარია სატვირთო ავტომობილის მძღოლზე, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.
ამასთან, კლინიკის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი და ამ დროისთვის ჯამში კლინიკაში 24 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
მარინა ეზუგბაია განმარტავს, რომ პაციენტების ძირითადი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.
„გუშინ ჩვენთან მოთავსდა მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, სატვირთო ავტომანქანის ერთ-ერთი მძღოლია. აზერბაიჯანიდან არის შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქეა. გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი პაციენტი და ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 24 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.
ახალ პაციენტებთან, სადაც შესაძლებელი იყო მდგომარეობის დამძიმება, ეს ასე არ განვითარდა, რადგან მათთან დაავადების პროგრესირება არ მოხდა, შენარჩუნებულია მათი ზოგადი მდგომარეობა კვლევებითაც. ამ ეტაპზე ძირითადად საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები გვყავს“, – დასძინა ეზუგბაიამ.