ინფექციურ საავადმყოფოს ერთი ახალი პაციენტი დაემატა, რომლის ინფიცირების წყაროც ცნობილია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი მკურნალობს.
კლინიკას გუშინ უკვე დადასტურებული დიაგნოზით ერთი ახალი შემთხვევა დაემატა.
ამასთან, კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან გუშინ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ახალ პაციენტს, ეზუგბაიას განმარტებით, ინფიცირების წყარო ცნობილია და ის არსებული პაციენტის კონტაქტს წარმოადგენს.
„ჩვენთან გუშინ შემოვიდა მხოლოდ ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ისიც ჩვენთან მწოლიარე პაციენტის კონტაქტია. 55 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გუშინ დაგვემატა ორი გამოჯანრმთელებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი ცენტრიდან 71 გამოჯანმრთელებული პაციენტია გასული. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, ვნახოთ დინამიკა როგორი გვექნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ერთი კრიტიკული პაციენტი ჰყავს.
„კვლავ გვყავს ერთი მძიმე, კრიტიკული პაციენტი. მას აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე პნევმონია, არის ჟანგბადდამო დკიდებული, პარალელურად, ასევე აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე თანარსებული დაავადებები. ესაა შაქრიანი დიაბეტი და მძიმედ გამოვლენილი ჰიპერტონული დაავადება. არსებული მკურნალობის ფონზე, ჯერჯერობით, მდგომარეობის სტაბიზილირება ვერ ხერხდება. ვნახოთ, დინამიკაში რა სიტუაცია იქნება. შვიდი მძიმე პნევმონია გვრჩება, რომელთა მდგომარეობაც ამ ორი დღის განმავლობაში სტაბილურია, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში სულ 361 პაციენტი მკურნალობს.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
შესაბამისად, ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 593 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 223 პაციენტი გამოჯანმრთელდა.