ინეგოლელმა ქართველებმა რუსთაველის თეატრში კონცერტი გამართეს [ვიდეო]
პროექტის „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ ფარგლებში თურქეთში, ინეგოლში მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოდან გადასახლებული ქართველები საქართველოს სტუმრობენ.
რუსთაველის თეატრში ბურსის პროვინციის ქალაქ ინეგოლიდან ჩამოსულმა 40-მდე ქართველმა შეკრებილ საზოგადოებას ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები წარმოუდგინა.
კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინეგოლში გადასახლებულმა ქართველებმა ქართული ენა და ტრადიციები შემოინახეს.
„14 აპრილს დედაენის – სახელმწიფო ენის დღე აღვნიშნეთ. თურქეთში მცხოვრები ქართველები, რომლებიც იქ იყვნენ გადასახლებულნი, მართლაც გმირები არიან, მათ შეინარჩუნეს არამხოლოდ ენა, არამედ ის ქართული ტრადიციებიც, რომლებიც დღეს იყო სცენაზე ნაჩვენები, რაც იმის ნიშანია, რომ თუ არის ნება, თუ არსებობს სურვილი, არ დაკარგო შენი კულტურა, შეიძლება ყველა პირობებში და ყველა ადგილას შევინარჩუნოთ ის. ეს უნდა იყოს ჩვენთვის დიდი იმედის მომცემი. ეს ხალხია სწორედ ჩვენი კავშირი თურქეთთან, უნდა დავეხმაროთ მათ და ყველანაირად შევინარჩუნოდ ეს კულტურა. ამას ჩემთვის სხვა, განსაკუთრებული მნიშვნელობაც აქვს, რადგან მამაჩემი და აჰმეთ ოზქან მელაშვილი ახლო მეგობრები იყვნენ, თავის დროზე მიწერ-მოწერაც ჰქონდათ და შემდეგ მამაჩემი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩამოვიდა და ჰქონდა მათთან ურთიერთობა. ასე რომ, ძალიან ბევრი რამ მახსენდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის ინეგოლის ქართველებმა ყველაზე კარგად შემოინახეს ტრადიციული სასიმღერო და საცეკვაო კულტურა. რეპერტუარში აფხაზური საცეკვაო ფოლკლორიც შევიდა.
2018 წელს, კონსერვატორიისა და ფონდ „ქართული გალობის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ქალაქ ინეგოლში შეიქმნა ახალგაზრდების, ხოლო ინეგოლის სოფელ ჰაირიეში – სხვადასხვა ასაკის ადგილობრივი მომღერლებისგან დაკომპლექტებული გუნდები, რომელთა ნაწილიც ძველი მომღერლების შთამომავლები არიან. პროექტი ითვალისწინებდა 1960-იან წლებში ჩაწერილი მივიწყებული სიმღერებისა და საჭიბონე დასაკრავების აღდგენას.
საღამოზე ასევე გაიმართა კონსერვატორიის ოთხენოვანი გამოცემის „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ პრეზენტაცია. გამოცემაში სრულადაა თავმოყრილი ინეგოლის ტრადიციული სიმღერებისა და საცეკვაო მუსიკის საექსპედიციო ჩანაწერები, მათ შორის, თურქეთელი ქართველის, აჰმეთ ოზქან მელაშვილის, ამერიკელი ანთოპოლოგისა და ეთნომუსიკოლოგის, პიტერ გოლდისა და თბილისის კონსერვატორიის მიერ 2015 და 2018 წლებში ტრაპიზონის კონსერვატორიასთან ერთად ჩატარებული ექსპედიციების აუდიოჩანაწერები და ნოტები.
აღსანიშნავია, რომ თურქეთში გადასახლებულ ქართველთა ნაწილი საქართველოში პირველად ჩამოვიდა. პროექტის მიზანია, ქართულ საზოგადოებას გააცნოს ინეგოლში მცხოვრები ჩვენებურების მიერ სულ ცოტა 150 წლის განმავლობაში უცვლელად შემონახული უნიკალური კულტურა და ხელი შეუწყოს თურქეთისა და საქართველოს შემოქმედებით და კულტურულ ურთიერთობებს.
ინეგოლიდან ჩამოსული ქართველები მორიგ კონცერტს 17 აპრილს ბათუმში გამართავენ.