ინდონეზია საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკის ყიდვით არის დაინტერესებული
ინდონეზია საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკის ყიდვით არის დაინტერესებული. „დელტას“ ხელმძღვანელი ოფიციალური ვიზიტით ინდონეზიას დღეს ეწვია. როგორც უჩა ძოძუაშვილმა პირველ არხთან საუბარში განაცხადა, ინდონეზიაში ვიზიტის ფარგლებში ის მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„დელტას წარმოების ექსპორტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. სწორედ ამას ეხება ჩემი ინდონეზიაში ვიზიტი“, – განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.
ჯერ უცნობია, „დელტას“ წარმოების რომელი და რა რაოდენობის პროდუქციის შეძენა სურს ინდონეზიას. მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის სწორედ დღეს იწყება.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს არ არის პირველი დაინტერესება საქართველოში წარმოებულ სამხედრო ტექნიკასთან დაკავშირებით. საუდის არაბეთმა „დელტასთან“ კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით, სამეფო 100-ზე მეტ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანას ყიდულობს.