ინდოეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემის უფლება 900 მილიონ ამომრჩეველს აქვს. ეს ნიშნავს, რომ ეს არჩევნები მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურია.
საარჩევნო უბნები 91 ოლქში ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა. რამდენიმე შტატში არჩევნების გამო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ბანგლადეშთან საზღვარი სრულად არის ჩაკეტილი. იმ რაიონებში, სადაც მაოისტური დაჯგუფებები მოქმედებენ, მობილიზებულია ინდოეთის არმიაც.
543-ადგილიან პარლამენტში მანდატებისთვის 8000 კანდიდატი იბრძვის. პარტიას, რომელიც უმრავლესობას მიიღებს, ექნება საშუალება, მთავრობა ჩამოაყალიბოს. მთავარი მეტოქეები პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის მმართველი პარტია და ოპოზიციური „ინდოეთის ნაციონალური კონგრესია“.
სულ არჩევნები ინდოეთის 29 შტატში ტარდება. არჩევნები შვიდ ეტაპად გაიმართება და 19 მაისს დასრულდება. საბოლოო შედეგი 23 მაისს გახდება ცნობილი.