ჩრდილოეთ ინდოეთში ტემპერატურამ 50 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა; არსებობს წყლის დეფიციტისა და გულის შეტევების საფრთხე.
ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, რაჯასტანის შტატის ქალაქ ჩურუში თერმომეტრმა 50,6 გრადუსი ცელსიუსი უჩვენა.
მსგავსი მდგომარეობაა რაჯასტანის თითქმის ყველა ქალაქში, მაქსიმალური ტემპერატურა ყველგან 47 გრადუსს აჭარბებს.
2016 წლის მაისში, ასევე რაჯასტანის ქალაქ ფალოდიში დაფიქსირდა ინდოეთის უმაღლესი ტემპერატურა, 51 გრადუსი.
ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის განცხადებით, რაჯასტანსა და მიმდებარე შტატებში სასტიკი სიცხე ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.
ცნობილი ხდება, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი.
უკიდურესი სიცხეა ქვეყნის დედაქალაქ დელიშიც, სადაც ტემპერატურა 46 გრადუსს გადასცდა. მოსახლეობას დღის ყველაზე ცხელ საათებში სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ყველაზე მთაგორიან შტატ ჰიმალაჩ-პრადეშში, სადაც ბევრმა მდიდარმა ინდოელმა შეაფარა თავი ზაფხულის სიცხეს, ტემპერატურამ 44,9 გრადუსს მიაღწია.
ტბებისა და მდინარეების დაშრობის გამო, წყლის დეფიციტის წინაშე დგას რამდენიმე უმსხვილესი ქალაქი, მათ შორის ჩენაი.
გაზეთ „ჰინდუსტან ტაიმსის“ ცნობით, საშინელი მდგომარეობაა მაჰარაშტრის შტატშიც. წყლის დეფიციტის გამო, უდიდეს ქალაქ ბიდში მოსახლეობა დაბანას და ტანსაცმლის რეცხვას ვეღარ ახერხებს.
ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ექსპერტთა შეფასებით, ქვეყნის 40 პროცენტს წელს გვალვა ემუქრება.
ერთი კვირით აგვიანებს წლიური მუსონიც, რომელსაც სამხრეთ აზიაში საჭირო წვიმა მოაქვს. მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მუსონი 6 ივნისს დაიწყება.
გასული ათწლეულის განმავლობაში, ინდოსტანის ნახევარკუნძულზე ნალექების მახასიათებლები დრამატულად შეიცვალა. ხშირი გახდა გვალვები, წყალდიდობები და უცაბედი შტორმები.
მომზადებულია AFP-ის მიხედვით.