ინდოეთის ოკეანის ქვეშ გიგანტური ტექტონიკური ფილა ირღვევა. ახალი კვლევის მიხედვით, გეოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ მოკლე დროში, ეს ფილა ორ ნაწილად იყოფა.
თუმცა, გაყოფის პროცესი ადამიანთათვის მარადისობასავით ხანგრძლივია. ეს ფილა, რომელსაც ინდოეთ-ავსტრალია-კაპრიკორნის ტექტონიკურ ფილას უწოდებენ, „კუს ნაბიჯით“ ირღვევა — წელიწადში დაახლოებით 1,7 მილიმეტრით. თუმცა, მილიონ წელიწადში, ფილის ორ ნაჭერს შორის დაშორება 1,7 კილომეტრი იქნება.
„ის არ გახლავთ სწრაფად მოძრავი სტრუქტურა, მაგრამ მაინც საყურადღებოა სხვა ფილების საზღვრებთან შედარებით“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, პარიზის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი ორელი კუდურიე-კურვე.
მაგალითად, მკვდარი ზღვის რღვევის ხაზი ახლო აღმოსავლეთში, წელიწადში დაახლოებით 0,4 სანტიმეტრით მოძრაობს, სან-ანდრეასის რღვევის ხაზი კალიფორნიაში კი წელიწადში 1,8 სანტიმეტრით.
ფილა იმდენად ნელა იხლიჩება და წყალქვეშ იმდენად ღრმადაა, რომ მკვლევრებს კინაღამ გამორჩათ ე. წ. დაბადების სტადიაში მყოფი ფილის საზღვარი. თუმცა, ორი მიწისძვრა, რომელიც ინდოეთის ოკეანეში უცნაურ ადგილას მოხდა, მიუთითებდა, რომ იქ მოქმედებდა დედამიწის შემცვლელი ძალები.
2012 წლის 11 აპრილს, ინდოეთის ოკეანის სიღრმეში, ინდონეზიის სიახლოვეს, 8,6 და 8,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა სუბდუქციის ზონის გასწვრივ არ მომხდარა, იქ, სადაც ერთი ტექტონიკური ფილა მეორის ქვეშ ცურდება. ბიძგები წამოსული იყო მიწისძვრის მოხდენისთვის უცნაური ადგილიდან — ფილის შუაგულიდან.
ეს მიწისძვრები და სხვა გეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებდა, რომ მიწისქვეშ მიმდინარეობდა გარკვეული სახის დეფორმაცია, ზონაში, რომელსაც ვარტონის აუზს უწოდებენ. ეს დეფორმაცია დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა, რადგან ინდოეთ-ავსტრალია-კაპრიკორნის ტექტონიკურ ფილა ერთი შეკრული ერთეული არ გახლავთ.
„ის ფაზლს ჰგავს. არ არის ერთიანი ფილა. წარმოადგენს სამი ფილას, რომლებიც მეტნაკლებად შეკრულია და ერთად მოძრაობენ ერთი მიმართულებით“, — ამბობს კუდურიე-კურვე.
ჯგუფმა შეისწავლა რღვევის კონკრეტული ზონა ვარტონის აუზში, სადაც მიწისძვრა იღებდა სათავეს. 2015-2016 წლებში სხვა მეცნიერთა მიერ სპეციალური გემით შეგროვებულმა მონაცემებმა რღვევის ზონის ტოპოგრაფია გამოავლინა. იმის დადგენით, რამდენი ხანი სჭირდებოდა ბგერის ტალღებს ფსკერის დანალექოვანი ხაზებიდან უკან დაბრუნებისათვის, გემის მეცნიერებმა აუზის გეოგრაფია რუკაზე დაიტანეს.
როდესაც კუდურიე-კურვემ და მისმა კოლეგებმა მონაცემთა ეს ორი ბაზა შეისწავლეს, მიაგნეს დაშორების მტკიცებულებას, რომელიც წარმოადგენს დარტყმითი შეცოცების ნასხლეტებში წარმოქმნილ დეპრესიებს. ამ ტიპის ნასხლეტები მიწისძვრებს იწვევს, როდესაც დედამიწის ორი ბლოკი ერთმანეთთან ჰორიზონტალურად შესრიალდება. ამის ვიზუალიზაციისათვის, მიადეთ თქვენი ორი მუშტი ერთმანეთს, შემდეგ კი ერთი წინ წასწიეთ, მეორე უკან.
ჯგუფმა რღვევის ზონის გასწვრივ 62 ასეთი დაშორებადი აუზი იპოვა, რომლებიც 350 კმ სიგრძეზე ივრცობა, თუმცა, კუდურიე-კურვეს თქმით, ის სავარაუდოდ უფრო გრძელია. ზოგიერთი ასეთი აუზი უზარმაზარი იყო, 3 კმ სიგანეში და 8 კმ სიგრძეში.
გარდა ამისა, დეპრესია უფრო ღრმა იყო სამხრეთში, 120 მეტრამდე და თავთხელი ჩრდილოეთში, 5 მეტრამდე.
„შეიძლება ეს იმას ნიშნავდეს, რომ დარტყმითი შეცოცების ნასხლეტები უფრო ლოკალიზებულია სამხრეთ საზღვართან, ყოველ შემთხვევაში, ახლა“, — ამბობს კუდურიე-კურვე.
ტერმინი „ლოკალიზებული“ ნიშნავს, რომ ბიძგები ერთ მთავარ ნასხლეტთან ხდება და გადანაწილებული არ არის, ანუ არ ხდება რამდენიმე მცირე ნასხლეტთან.
ამ აუზებმა წარმოქმნა დაახლოებით 2,3 მილიონი წლის წინ დაიწყო და მიუყვება ხაზს, რომელიც 2012 წლის მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს გადის.
„როგორც ჩანს, ფილის საზღვარი ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ იმყოფება ამ პროცესში და დეფორმაციათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“, — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის სეისმოლოგი უილიამ ჰაული.
რატომ ხდება რღვევა იქ?
კუდურიე-კურვე განმარტავს, რომ რღვევის ზონა, ანუ შესუსტება ოკეანის ქერქში, მიწისძვრების გამო არ წარმოქმნილა. სინამდვილეში, ეს ე. წ. პასიური ნაპრალები ნაწილობრივ მაშინ წარმოიქმნება, როცა ოკეანური ქერქი შუაოკეანური ქედიდან (საზღვარი ფილებს შორის, საიდანაც მაგმა ამოდის) ჩნდება და დედამიწის სიმრუდის გამო იბზარება.
კუდურიე-კურვეს თქმით, იმის გამო, რომ ინდოეთ-ავსტრალია-კაპრიკორნის სხვადასხვა ნაწილები სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობს, პასიური ნაპრალის გაჩენის შემდეგ, ეს რღვევის ზონა ფილის ორ ნაწილად გახლეჩვის ახალი საზღვარი ხდება.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ინდოეთ-ავსტრალია-კაპრიკორნი ძალიან ნელა იხლიჩება, მკვლევრები ამბობენ, რომ მისი რღვევის გასწვრივ ძლიერი მიწისძვრა დიდი ალბათობით მომდევნო 20 000 წლის განმავლობაში აღარ მოხდება. გარდა ამისა, კუდურიე-კურვე აღნიშნავს, რომ გახლეჩვის დასრულებას ათობით მილიონი წელიწადი დასჭირდება.
„მეცნიერები უკვე დიდი ხანია ვვარაუდობდით, რომ რღვევის ამ ზონებში ფილების ახალი საზღვარი დაიბადებოდა“, — ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოლოგიის ასოცირებული პროფესორი ოლივერ იაგუცი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ეს კვლევა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ფილების ტექტონიკა გამუდმებულ მოძრაობაშია.
როგორც იაგუცი ამბობს, დედამიწაზე ფილები გამუდმებით იქმნება და ინგრევა, ასეთი დეტალური კვლევები კი ამ პროცესის შესახებ ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის.
კვლევა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.