„ინდეფენდენთი“ - მესტია „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღებ მოედანს მოგაგონებთ
„ინდეფენდენთი“ - მესტია „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღებ მოედანს მოგაგონებთ

„რატომ არის საქართველო უნიკალური მიმართულება სამთო-სათხილამურო ტურიზმის მოყვარულთათვის?“ – ამ სათაურით სტატიას ბრიტანული „ინდეფენდენთი“ აქვეყნებს.

როგორს პუბლიკაციის ავტორი წერს, თუ ტურისტს თოვლში ჩაფლობა, მთის პანორამები და ცარიელი ფერდობები იზიდავს, მაშინ მან არჩევენი საქართველოზე უნდა შეაჩეროს.

„საქართველოს კავკასიის მთებში, თეთნულდისკენ მიმავალი დათოვლილ გზაზე მანქანის გატარება წარსულში დაბრუნებას ჰგავს. მესტია – ადგილი, სადაც ჩვენ დავბანაკდით, ცნობილი სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღებ მოედანს მოგაგონებთ. უძველესი ქვით აგებული შენობები და სვანური კოშკები, რომლებიც მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეში დამცავ ნაგებობებს წარმოადგენდა, ამ ადგილს შუა საუკუნის ატმოსფეროს სძენს. თუმცა, თეთნულდი, რომელიც მესტიიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, საქართველოში თანამედროვე ფრი-რაიდისთვის მოწინავე და საუკეთესო ადგილად ითვლება,“ – წერს „ინდეფენდენთი.“

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სვანეთში მოსახვედრად ბრიტანელ ტურისტებს დიდი გზის გავლა მოუწევთ, განსაკუთრებით მაშინ, „თუ ამინდის გამო თბილისიდან მესტიამდე გაფრენა ვერ ხერხდება.“

„მანქანით სვანეთში ჩასასვლელად რვა საათია საჭირო. თუმცა მგზავრობისას ულამაზესი ხედებით დატკბებით. ეს გზა მიუდგომელ ხეობებზე და გაუვალ ტყეებზე გადის, რომელშიც დათვები, მგლები და ფოცხვერიც კი ბინადრობს. გზა მთების ციცაბო ფერდობების ქვეშ გაივლის, რომლებიც ალპებზე გაცილებით მაღალია,“ – წერს ავტორი.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ თეთნულდი ტურისტებს „ევროპაში ყველაზე ველურ და ჩუმ სამთო-სათხილამურო გზაზე სრიალის საშუალებას აძლევს“.

„თეთნულდს ყველაზე მეტად გერმანელი, ავსტრიელი და ჰოლანდიელი ტურისტები სტუმრობენ, თუმცა ჯერ მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ გრძელ რიგში დგომაზე ფიქრი უნდა დაივიწყოთ,“ – წერს „ინდეფენდენთი.“

სტატიის ავტორი ტურისტებს ასევე ურჩევს, ესტუმრონ ჰაწვალს და ზურულდის მთას.

„ჰაწვალის მონახულება მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ თქვენ გეძლევათ საშუალება, იხილოთ 4690 მეტრის სიმაღლის უშბას მწვერვალი,“ – ნათქვამია სტატიაში.

ავტორის ურჩევს მოგზაურებს აუცილებელად ეწვიონ მესტიაში მდებარე რესტორნებსა და ბარებს, სადაც ქართული სამზარეულოს გაცნობისა და კერძების გასინჯვის საშუალება ექნებათ.

თეთნულდთან ერთად „ინდეფენდენთი“ ყურადღებას ამახვილებს თბილისის სიახლოვეს მდებარე გუდაურსა და ახალგახნილ გოდერძის კურორტზე.

„გუდაური თავისუფლად გაუწევს კონკურენციას აღმოსავლეთ ევროპის ბიუჯეტურ კურორტებს, როგორიცაა, მაგალითად, ბულგარული ბანსკო,“ – ნათქვამია სტატიაში.