იმოგზაურეთ ირმის ნახტომის ცენტრში, შავი ხვრელის გარშემო - NASA-ს 360° ვიზუალიზაცია
19:39, 12.01.2018
ახალი ვიზუალიზაცია არაჩვეულებრივ ვირტუალურ ტურს გთავაზობთ — თქვენ წინაშეა ჩვენი მშობლიური გალაქტიკის, ირიმის ნახტომის 360 გრადუსიანი ხედები. პროექტი, რომელიც NASA-ს ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორიისა და სხვა ტელესკოპთა მონაცემების გამოყენებით შეიქმნა, მაყურებელს საშუალებას აძლევს იმოგზაურის მომაჯადოებელ გარემოში — მასიურ ვარსკვლავთა და ძლევამოსილი გრავიტაციის სამეფოში, ირმის ნახტომის ცენტრში გაწოლილი მონსტრი შავი ხვრელის გარშემო; თანაც ისე, რომ თავად აკონტროლოთ ყველაფერი.
დედამიწა მდებარეობს გალაქტიკის ცენტრიდან 26 000 სინათლის წლის მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს იქ ფიზიკურად წასვლა არ შეუძლიათ, მეცნიერები ამ რეგიონს იკვლევენ უმძლავრესი ტელესკოპებით, რომლებსაც შეუძლიათ დააფიქსირონ სინათლის მრავალი ფორმა, მათ შორის რენტგენული გამოსხივება და ინფრაწითელი სინათლე.
ვიზუალიზაცია დაფუძნებულია ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ტელესკოპ Very Large Telescope-ის მიერ 30 გიგანტური ვარსკვლავის შესახებ შეგროვილ მონაცემებზე. ამ მონსტრებს ვოლფ-რაიეს ვარსკვლავებს უწოდებენ და ჩვენი გალაქტიკის ცენტრის გარშემო 1,5 სინათლის წლის მანძილიდან მოძრაობენ. ამ ვარსკვლავთა ზედაპირიდან წამოსული გაზის ნაკადების მძლავრი ქარები მათი გარე ფენების გარკვეულ ნაწილს ვარსკვლავთშორის სივრცეში ფანტავს.
როდესაც გამონადენი გაზი სხვა ვარსკვლავებიდან მანამდე გამოტყორცნილ გაზს ეჯახება, წარმოიქმნება შოკური ტალღები, რომლითაც მთელი გარემოა გაჯერებული. ეს შოკური ტალღები გაზს მილიონობით გრადუსზე აცხელებს, რაც განაპირობებს მათ მიერ რენტგენული გამოსხივების გამოყოფას. ჩანდრას ტელესკოპის მიერ ირმის ნახტომის ცენტრალური რეგიონის ინტენსიური კვლევის შედეგად, ხელთ გვაქვს კრიტიკული მონაცემები ამ მრავალ მილიონ გრადუსიანი გაზის ტემპერატურსა და გადანაწილების შესახებ.
ასტრონომებს განსაკუთრებით აინტერესებთ უკეთესად გაარკვიონ, თუ რა როლს თამაშობენ ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები ირმის ნახტომის ცენტრის კოსმოსურ სამეზობლოში. მათ განსაკუთრებით სურთ იმის გარკვევა, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ეს ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრის დომინანტ რეზიდენტთან — სუპერმასიურ შავ ხვრელ მშვილდოსანი A*-სთან. მართალია, იგი ჯერჯერობით უხილავია, მაგრამ ცნობილია, რომ მისი მასა ოთხი მილიონი მზის მასას უდრის. წელს, ისტორიაში პირველად, შეიძლება მშვილდოსანი A*-ს ფოტოც ვიხილოთ.
გალაქტიკური ცენტრის ვიზუალიზაცია 360 გრადუსიანი ვიდეოა, რომელიც მაყურებელს ღრმად „ჩააყვინთინებს“ ჩვენი გალაქტიკის ცენტრის სიმულაციაში. მაყურებელი მოთავსებულია მშვილდოსანი A*-ს ადგილზე და შეუძლია დაინახოს მის გარშემო მოძრავი 25 ვოლფ-რაიეს ვარსკვლავი, რომლებიც გამუდმებით სტყორცნიან ვარსკვლავურ ქარებს. ეს ქარები ერთმანეთს ეხეთქება და მატერიის გარკვეული ნაწილი სპირალურად ჩაედინება შავ ხვრელში. ვიდეო ასახავს ორ სიმულაციას. პირველში მშვილდოსანი A* შედარებით მშვიდია, მეორეში კი გააფთრებული გადმოაფრქვევს საკუთარ მატერიას.