იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შალამბერიძემ აღნიშნა, საუბარი შეეხო კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებას, ასევე სამომავლო პერსპექტივებს.

„გავუზიარეთ ელჩს „კოვიდ-19“-თან ბრძოლის წარმატებული პრაქტიკა რეგიონში, თუ როგორ იყო ჩართული თითოეული ადგილობრივი სტრუქტურა, როგორ ვებრძოდით ერთობლივად მთელი ამ ხნის განმავლობაში კორონავირუსს. ელჩი ასევე დაინტერესდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით და ვისაუბრეთ იმის შესახებ, რა პერსპექტივა იქნება უკრაინასთან როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისათვის გაცვლითი პროგრამის მიმართულებით“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, იგორ დოლგოვი ასევე დაინტერესდა ინფრასტრუქტურული პროექტებით, რომლებიც იმერეთში ხორციელდება, მათ შორის გზების მშენებლობის ტექნოლოგიებით, დასაქმებულთა რაოდენობითა და კრიტერიუმებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის ელჩმა აღნიშნა, რომ გუბერნატორთან შეხვედრისას ეპიდემიასთან ბრძოლისა და ბიზნესის განვითარების გზებზეც იმსჯელეს.

„ჩვენ, ყველას გვაქვს რთული პერიოდი და განსაცდელი, რაც ახალ ინფექციას უკავშირდება, რომელმაც შეცვალა მთელი მსოფლიო, მათ შორის საქართველოს ცხოვრებაც. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ კარანტინის შემდეგ ჩემი პირველი მოგზაურობა თბილისის გარეთ, სწორედ აქ, ქუთაისში შედგა. ეს არის დიდი რეგიონი, დიდი ქალაქი ტრადიციებით და დიდი კავშირებით ჩემს უკრაინასა და უკრაინელებლთან.

მადლობელი ვარ გუბერნატორის, რომ ამ საუბრის განმავლობაში განვიხილეთ არა მხოლოდ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ბიზნესი ამ რთულ დროს და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მოსახლეობას, არამედ განვითარების პერსპექტივებიც, რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ, რა მიმართულებით და სად არის ეს მიმართულებები, რომელიც ხალხების გაერთიანებას გააგრძელებს.

სექტემბერში ქუთაისში გაიმართება ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის საზეიმო გახსნა, რის გამოც მოხარული ვარ. იმედი მაქვს, ეს არის ნაბიჯი მომავალში ახალი მეცნიერებისა და ახალი განათლებისკენ და აქაც ბევრია ის, რაც ერთმანეთისგან უნდა ვისწავლოთ”, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.