იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „ნამახვანჰესის“ საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, გუბერნატორებსა და დეპუტატებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა დახურულ რეჟიმში იმართება. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან, თუმცა აქციის მონაწილეებს ვიდეოგადაღების შესაძლებლობა ექნებათ.
შეხვედრას ესწრებიან „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორები მაკა სულაძე, მარიტა მუსელიანი, ვარლამ გოლეთიანი და მირზა ნოზაძე.
აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე.
მოლაპარაკების პარალელურად, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიის შენობასთან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. მათი თქმით, ადმინისტრაციის შენობასთან იქამდე დარჩებიან, ვიდრე მოლაპარაკება არ დასრულდება.