იმერეთში, სასტუმრო „პრომეთეში“ მოწყობილი საკარანტინო სივრცე დღეს 34-მა ადამიანმა დატოვა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელნი დაუბრუნდნენ. თითოეულმა საკარანტინო სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. კარანტინში მყოფთა ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საკარანტინო სივრცეების ორგანიზებას. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4 919 ადამიანი იმყოფება, რომლებიც 84 სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეებში არიან განთავსებული. კარანტინის ვადა სულ 12 974 ადამიანს დაუსრულდა.