იმერეთის ოთხი სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
იმერეთის ოთხი სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას აგრძელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად ტენდერი გამოცხადდა იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპნის, სოფელ მეორე სვირის, სოფელ ქვედა საზანოს და სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის შესყიდვაზე.

მათივე ცნობით, სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ.

მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო.